globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

ალექსანდრა ჯაფარიძე - პირველი ქართველი ქალი მთამსვლელი

10 თებ. 2026
aleksandra japaridze

„ჩანდა ყველა მწვერვალი, თითქოს ხელს გავიწვდიდი და იალბუზის შეხებას ვიგრძნობდი. ღამე სულ სხვაგვარად ბრწყინავდნენ ბროლის კოშკივით აღმართული ყინულოვანი ქედები. ზევით უშბა იყო და მე უკვე ვიცოდი, რომ ხვალ, ჩვენ, ყველანი მწვერვალზე ავიდოდით. მხოლოდ აქ, ამ უფსკრულებში გებადება ნამდვილი პატივისცემის გრძნობა იმის მიმართ, ვინც პირველმა შებედა უშბას, ვინც ავიდა, ან იფიქრა მასზე ასვლა.“

- ასე აღწერს ალექსანდრა ჯაფარიძე თავის ფიქრებსა და განცდებს იმ მომენტში, როცა უშბაზე ასვლისას არასახარბიელო დროს დაუბნელდათ ალპინისტთა ჯგუფს და ალექსანდრას, ნაბადში გახვეულს, მთელი ღამის გატარება თოკზე დაკიდებულს მოუწია იმისათვის, რომ მეორე დილას უშბის მწვერვალზე დაედგა ფეხი.

უშბა, 1934 წელი

სწორედ ამ დროს, როცა ექსპედიციის წარმატებას მხოლოდ ერთი ღამე აშორებდათ მთამსვლელებს: ალიოშა ჯაფარიძეს, სანდრო გვალიას, ალექსანდრა ჯაფარიძეს, იაგორ კაზალიკაშვილს, გიო ნიგურიანს, ლევან მარუაშვილსა და მიქელ პატარიძეს, იწერებოდა ისტორია ქართული ალპინიზმის შესახებ.

იმის მიუხედავად, რომ მე-20 საუკუნის ბოლოდან უცხოელთა უამრავი ჯგუფი ცდილობდა უშბაზე ასვლას და ზოგიერთ მათგანს წარმატებითაც გამოსდიოდა ეს, 1934 წელს განხორციელებული ექსპედიცია მწვერვალ უშბაზე, ალექსანდრა ჯაფარიძის მონაწილეობით, ისტორიაში ჩაიწერა.

ეს გახდა მსოფლიო მასშტაბის მოვლენა, რადგან ალექსანდრა ჯაფარიძე პირველი ქალი მთამსვლელი აღმოჩნდა, რომელმაც უშბის მწვერვალზე ფეხი შედგა.

ალექსანდრა ჯაფარიძე 1895 წლის 11 თებერვალს დაიბადა სოფელ ხრეითში. მისი ძმები, ალიოშა და სიმონ ჯაფარიძეებიც მთამსვლელები იყვნენ, რომელთა სახელსაც არაერთი წარმატებული ასვლა უკავშირდება. ალექსანდრა უფროსი და იყო და სწორედ მისი ალპინისტის კარიერის დაწყების შემდეგ დაინტერესდნენ ძმები იგივე საქმიანობით. იმის მიუხედავად, რომ ალპინიზმმა ალექსანდრას ბევრ სიხარულთან ერთად, მძიმე ტრაგედიებიც მოუტანა, ქართველ მთამსვლელს არასდროს შეუწყვიტავს მთასთან გაბმული სიყვარულის ისტორია.

„პირველად მე დავადგი ფეხი მთების ამაყ გულს. პირველად მე შევაღე მათი სული და ჩემს ძმებზე კი იყარეს ჯავრი. იქნებ, ამით უფრო მეტი ვნება მომაყენეს, სული ჩამითუთქეს, გამომიწვეს..“

ალექსანდრას მთების მიმართ ვნება და ლტოლვა არ აკლდა, თუმცა ეს მუდმივი მისწრაფება დაუპყრობელისკენ მისი მშვიდი და დინჯი ხასიათით ბალანსდებოდა, რომელიც ხშირად გამოუმჟღავნებია ექსპედიციისას შექმნილ რთულ სიტუაციებში. „პირველი ქართველი ქალი მთამსვლელი და ქართული ალპინიზმის ფუძემდებელი," როგორც მას მოიხსენიებენ, არა მხოლოდ საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნავდა, არამედ მუდმივად აზიარებდა გარშემო იმ სიყვარულს, რომელიც მთების მიმართ ახალგაზრდა ასაკში გაუჩნდა. სწორედ ამიტომ, მის სახელს მხოლოდ წარმატებით შესრულებული ასვლები არ უკავშირდება.

ალექსანდრა იყო კარი ახალი თაობისთვის ქართული ალპინიზმის მომავალში. 

ალექსანდრა მთაში მის მოსწავლეებთან ერთად

მის სახელს უკავშირდება სკოლის გახსნა სოფელ ხრეითში, საიდანაც თვითონ იყო წარმოშობით, მრავალი თაობის აღზრდა და საქართველოს ალპური კლუბის დაფუძნება. 

ალექსანდრა ჯაფარიძე ალპური კლუბის შენობის კიბეებზე სხვა ქართველ მთასვლელებთან ერთად

ალექსანდრა ჯაფარიძე გაკვეთილზე მომავალ მთამსვლელებთან

ალექსანდრას ყოველთვის სჯეროდა, რომ წინ სვლა უნდა გაეგრძელებინა. მაშინაც კი, როცა სხვები ფიქრობდნენ, რომ დრო იყო რისკზე წასვლის თავიდან ასარიდებლად, მთამსვლელი ყოველთვის ჩვეული სიმშვიდით ისე მიიწევდა წინ, რომ წარმოუდგენელიც კი იყო, ასეთი წარმატებისთვის არ მიეღწია. ვერც კარიერულმა და ვერც პირადმა ტრავმებმა ვერ შეაჩერეს ალექსანდრა და ამ ჯიუტი, მიზანდასახული ნაბიჯებით მყინარწვერზე ათეულობით ასვლის შემდეგ, მე-19-ჯერ, 68 წლის ასაკში კვლავ უხელმძღვანელა ექსპედიციას მყინარწვერისკენ.

ასეთ შეუპოვრად ახასიათებენ ალექსანდრას, რაც ეჭვის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა, რადგან მან შექმნა ისტორია, არა ლოკალური, არამედ გლობალური. რასაც ხელს მოჰკიდებდა, ყველაფერს ბოლომდე აკეთებდა და ლოგიკურიც კი არის, რომ სწორედ მის განვლილ გზებზე მივაბიჯებთ დღეს ამაყად.

7 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ალექსანდრამ ბეთლემის გამოქვაბულის ექსპედიციის მოთხოვნით მთავრობას მიმართა და მათაც დაუდასტურეს, ის და მისი ჯგუფი პირველი ექსპედიციის ორგანიზატორები გახდნენ, რომელიც მყინვარწვერის კალთებზე, ზღვის დონიდან 4100 მ სიმაღლეზე არსებულ ბეთლემის გამოქვაბულში შევიდა. 

ალექსანდრა ჯაფარიძე მიუძღვება ექსპედიციას

თუმცა, ალექსანდრა ჯაფარიძეს არ სჭირდებოდა საქმე თავისი სიძლიერის დასამტკიცებლად. ის უბრალოდ წინ მიიწევდა, ყველაფრის მიუხედავად მხოლოდ წინ იყურებოდა და მხოლოდ წინ ხედავდა იმ მომავალს, რომელსაც სიცოცხლეში თვითონ, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, მისი აღზრდილები გააგრძელებდნენ.

ალექსანდრა ჯაფარიძე მის მშობლიურ კარ-მიდამოში, ხრეითი

ფოტოები: ჯაფარიძეების ოჯახის პირადი არქივი

10 თებ. 2026