როგორი იქნება კრიპტოინდუსტრია 10 წელიწადში? — ექსპერტული პროგნოზები
17 აგვ. 2026
დღეს, კრიპტო $2.18 ტრილიონად შეფასებული ინდუსტრიაა, რომელიც გლობალურ ფინანსებში უნიკალურ როლს ასრულებს. თუ ათი წლის წინ, კრიპტოში მთავარი კითხვა იყო “გადარჩება თუ არა ბიტკოინი?” — მომდევნო ათწლეულის მთავარი კითხვა ბევრად უფრო მასშტაბურია: “როგორ შეცვლის ბლოკჩეინი სამყაროს მომდევნო ათ წელიწადში?”.
მომავლის ზუსტად პროგნოზირება რთულია, მაგრამ წამყვანი ანალიტიკოსები და ინდუსტრიის ლიდერები კრიპტოს მომავლის კონტურებს ხედავენ.
ამ ბლოგში სამი განსხვავებული პოზიციის მქონე ექსპერტის პოზიციას გაგაცნობთ.
ვიტალიკ ბუტერინი (Ethereum-ის დამფუძნებელი)
ვიტალიკ ბუტერინი მეორე უდიდესი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის შემქმნელია. ვიტალიკის აზრს კრიპტოში დიდ ყურადღებას უთმობენ, თავად ის კი ხშირად ფიქრობს, თუ როგორ აქციოს ბლოკჩეინი საზოგადოებრივი პროგრესის იარაღად. მისი თქმით, მომდევნო დეკადაში კრიპტო ყოველდღიური ცხოვრების შეუმჩნეველ ნაწილად იქცევა, ხოლო ბლოკჩეინზე ახალი თაობის დეცენტრალიზებული და მმართველობითი სისტემები შეიქმნება.
ვიტალიკ ბუტერინის შეფასებით, ათ წელიწადში მომხმარებლები აღარ იფიქრებენ საკომისიო გადასახადებზე და სხვადასხვა ქსელით კრიპტოს გადარიცხვაზე. ტექნოლოგია იმდენად გამარტივდება, რომ ბლოკჩეინზე დაფუძნებული აპლიკაციების გამოყენება ისეთივე მარტივი იქნება, როგორც ვებგვერდების. გარდა ამისა, ის დიდ იმედებს ამყარებს დეცენტრალიზებულ ავტონომიურ ორგანიზაციებზე, იგივე DAO-ებზე.
ბრაიან არმსტრონგი (Coinbase-ის დამფუძნებელი)
ბრაიან არმსტრონგი მსოფლიოს უდიდესი საჯარო კრიპტობირჟის, Coinbase-ის დამფუძნებელია. არმსტრონგი კრიპტოს პრაგმატულად უყურებს და სურს, ეს ტექნოლოგია მილიარდობით ადამიანის ყოველდღიურ ფინანსურ არჩევნად აქციოს. მისი შეფასებით, მომდევნო დეკადაში გლობალური ეკონომიკის 20-30% კრიპტოზე გადაეწყობა, ანუ კორპორაციები გადარიცხვებისთვის ძირითად ბლოკჩეინს გამოიყენებენ.
არმსტრონგის შეფასებით, კრიპტოს მთავარი ღირებულება ეფექტიანობაა — ის აქრობს შუამავლებს, ამცირებს საკომისიოს და აჩქარებს გადარიცხვებს. ათ წელიწადში საერთაშორისო გადარიცხვები, სესხების გაცემა და სავაჭრო ოპერაციები სტეიბლკოინების მეშვეობით შესრულდება. ეს იქნება ეპოქა, როცა ტერმინი „კრიპტოკომპანია“ ისევე გაქრება, როგორც გაქრა ტერმინი „ინტერნეტკომპანია“ — იმიტომ, რომ ყველა ბიზნესი ბლოკჩეინზე იქნება დაშენებული.
ბალაჯი სრინივასანი რადიკალური გეოპოლიტიკური ანალიზითაა ცნობილი და კრიპტოს ტრადიციული სახელმწიფოებრივი სისტემების ალტერნატივად განიხილავს. მისი შეფასებით, მომდევნო დეკადის ბოლოს სამყარო „ქსელური სახელმწიფოების“ ეპოქაში გადავა, სადაც ინტერნეტში გაერთიანებული კომუნები ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ეკონომიკას და კანონებს შექმნიან, ბიტკოინი კი გლობალური ვაჭრობის საფუძველი იქნება.
ბალაჯის აზრით, ინფლაციის და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო ტრადიციული ვალუტები და ცენტრალიზებული ინსტიტუტები ავტორიტეტს კარგავენ. ამის ფონზე, ადამიანები საერთო ინტერესებისა და იდეების გარშემო ციფრულ სივრცეში გაერთიანდებიან და კრიპტოზე დამოუკიდებელ ფინანსურ სისტემას შექმნიან, ანუ კონკრეტული ქვეყნის გეოგრაფიულ ჩარჩოებზე, ლოკალურ ეკონომიკაზე და გამოწვევებზე უარს იტყვიან.
რა უნდა იცოდეს გონიერმა ინვესტორმა?
ექსპერტები მომავალს სხვადასხვა კუთხით უყურებენ: ზოგი ტექნოლოგიურ სიმარტივეს პროგნოზირებს, ზოგი — გეოპოლიტიკურ ძვრებს, დანარჩენები კი — გლობალური ფინანსების ტრანსფორმაციას. ყველა მათგანი თანხმდება იმაზე, რომ კრიპტოინდუსტრია არსად მიდის, ის მხოლოდ გაიზრდება და უფრო ღრმად აღიბეჭდება მსოფლიო ეკონომიკაში.
გონიერი ინვესტორი ხვდება, რომ ფასების მოკლევადიანი მერყეობა უბრალო ხმაურია, რომელსაც ყურადღება არ უნდა მიაქციოს. საინვესტიციო პორტფელის ციფრული აქტივებით დივერსიფიკაცია და გრძელვადიანი ხედვა საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ მომდევნო ათ წელიწადს მომზადებული შეხვდე.
იფიქრე გრძელვადიანად და დაიწყე ინვესტირება კრიპტოში. იყიდე პოპულარული ციფრული აქტივები თიბისი მობაილბანკში — უსაფრთხოდ, სწრაფად და მარტივად.
გაითვალისწინე: კრიპტოს ღირებულება ცვალებადია და დაკავშირებულია რისკებთან. კრიპტოს შეძენამდე, დეტალურად გაეცანი რისკებს, წესებს და პირობებს.
ამ გვერდზე მოცემული სასაქონლო ნიშანი/ლოგო გამოიყენება მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის, ეკუთვნის შესაბამის მფლობელს და არ გულისხმობს მათთან პარტნიორობას.