კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს… ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელებული და ადამიანები ახალ რეალობასთან ადაპტირდებოდნენ; ალექსეი მამულაშვილმა კი გადაწყვიტა, ტურიზმის ბიზნესს ჩამოშორებოდა და სრულიად ახალი მიმართულებით წასულიყო, ანუ კაფე გაეხსნა.
„პანდემიამ ბევრი ბიზნესისთვის შეცვალა მოცემულობა, რაც განსაკუთრებით მძაფრად შეეხო ტურიზმს. რა თქმა უნდა, სიტუაციის ჩაწყნარებასთან ერთად შემეძლო, კვლავ გამეუმჯობესებინა ბიზნესის მდგომარეობა, მაგრამ მაინც სხვა სფეროში განვითარება ვამჯობინე. თან მივხვდი, რომ კვების სექტორი ის არის, რაც ყოველთვის მუშაობს — არ აქვს მნიშვნელობა, რა ხდება ირგვლივ. გაცილებით ადვილად ადაპტირდები ნებისმიერ მოცემულობასთან“, — აღნიშნავს ალექსეი მამულაშვილი, „ჭიქას“ დამფუძნებელი.
იმისათვის, რომ სექტორში გამორჩეული ყოფილიყო და უბრალოდ მორიგ სტანდარტულ კაფედ არ ჩაწერილიყო სიაში, დამფუძნებელი უნიკალურობის პრინციპზე კონცენტრირდა. უფრო კონკრეტულად, „ჭიქაში“ ვერ შეხვდებით ისეთ ყავას, რომლის დაგემოვნებასაც ნებისმიერ კაფეში შეძლებთ… სანაცვლოდ, ალექსეიმ დამატებით ყავის მოხალვის ცეხი გახსნა: „ბიზნესის კუთხით რომ შევხედოთ, ასე მნიშვნელოვნად შემცირდა ხარჯი, რადგან საკუთარი წარმოების ყავა შეგვაქვს „ჭიქას“ ფილიალებში. ასევე, მასობრივი წარმოების ყავის ნაცვლად, მაღალ ხარისხსა და დახვეწილ გემოზე ვაკეთებთ აქცენტს, რათა ჩვენთან განსაკუთრებული არომატის ყავის მირთმევა შეძლონ მომხმარებლებმა“.
ყავის ცეხშიც ყველაფერი ნულიდან დაიწყო — ჯერ მიწის ნაკვეთი იპოვეს, სადაც არაფერი იყო… შემდეგ კი თავად ააგეს შენობა, სადაც ყავის მოხალვა და დამუშავება დაიწყეს. აქვეა „ჭიქას“ საკონდიტროც მოწყობილი — გარდა ყავისა, საკონდიტრო ნაწარმიც სპეციალურად შემუშავებული რეცეპტებით მზადდება. „როგორც ბიზნესის განვითარების საწყის ეტაპზე, ამ ნაწილშიც თიბისი დაგვეხმარა. სხვაგვარად ვერ შევძლებდით ამ სასურველი შედეგის მიღებას. ასევე, შევქმენით ჩვენი დისტრიბუცია, რომელიც მხოლოდ „ჭიქასთვის“ მუშაობს, რაც დადებითად აისახება დროის ფაქტორსა და მომსახურების ხარისხზე. ასე ვთქვათ, შესაბამისი ფინანსური რესურსით ჩამოვაყალიბეთ სისტემა, რომელიც ჩვენთვის სრულყოფილად ამართლებს“, — განმარტავს ალექსეი.
საგულისხმოა, რომ დღეისთვის „ჭიქას“ წარმოების ყავა არა მხოლოდ მის ფილიალებში იყიდება, არამედ ალექსეი რამდენიმე ადგილობრივ თუ უცხოურ კომპანიასთანაც თანამშრომლობს.
„რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი თიბისის გარეშე, რადგან, ფაქტობრივად, ყველაფერი ნულიდან დავიწყე. კაპიტალი, რომელიც თავდაპირველად მქონდა, არაფრისთვის იყო საკმარისი. ხოლო თიბისის დახმარებით, შევისყიდე საჭირო ფართები თუ ყავის დასამუშავებლად საჭირო აპარატურა. თანაც, ვინაიდან ბიზნესი ძალიან მზარდია და მეც სულ ახალ-ახალი იდეები მაფიქრდება, ჩემთვის მნიშვნელოვანია მძლავრი ფინანსური საყრდენი. თიბისი კი ყველა იდეაში მომყვება“, — ამბობს ალექსეი მამულაშვილი.
დღეისათვის „ჭიქა“ 5 ლოკაციაზეა წარმოდგენილი; უახლოეს მომავალში კი კიდევ ერთი გაიხსნება, განსხვავებული კონცეფციითა და გარემოთი.