ეკა ნადირაშვილი ციფრული პროდუქტების ლიდერია, რომელსაც ინოვაციური სერვისების შექმნისა და განვითარების მიმართულებით 17-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს. ბოლო 7 წლის განმავლობაში ის თიბისის ციფრული ბანკინგის განვითარებაზე მუშაობს. დღეს ეკა გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, პროფესიულ გაკვეთილებსა და იმ მიდგომებს, რომლებიც, მისი აზრით, წარმატებული Product Owner-ის მუშაობის საფუძველს ქმნის.
რა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც Product Owner-ს წარმატებულს ხდის?
წარმატებული Product Owner-ის მთავარი ძალა სწორი გადაწყვეტილებების დროულად მიღებასა და პრიორიტეტების მკაფიო განსაზღვრაშია.
პროდუქტის განვითარებაში რესურსები ყოველთვის შეზღუდულია - დრო, ბიუჯეტი და გუნდის შესაძლებლობები. ამიტომ, მთავარი გამოწვევა მხოლოდ იმის ცოდნა კი არ არის, რა უნდა გაკეთდეს, არამედ იმის გააზრებაც, რისი გაკეთება არ არის საჭირო ამ ეტაპზე. სწორი გადაწყვეტილება მაშინ მიიღება, როცა მომხმარებლის საჭიროებებს, ბიზნესის მიზნებსა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ერთიან სურათად უყურებ და ზუსტად იცი, სად ექნება რესურსების გამოყენებას ყველაზე დიდი გავლენა.
ამ პროცესში არანაკლებ მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაცია. საუკეთესო სტრატეგიაც კი ვერ იმუშავებს, თუ ვერ შეძლებ გუნდის, ბიზნესისა და სხვა სტეიკჰოლდერების გაერთიანებას საერთო მიზნის გარშემო. სწორედ ამიტომ, Product Owner-ის მთავარი როლია ბალანსის შექმნა მომხმარებლის საჭიროებებს, ბიზნესის მიზნებსა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს შორის.
საბოლოოდ, წარმატება იზომება არა მხოლოდ განხორციელებული ფუნქციონალით, არამედ იმით, თუ რამდენად გააუმჯობესე მომხმარებლის გამოცდილება და რა რეალური გავლენა მოახდინე ბიზნესის შედეგებზე.
რა არის შენთვის მთავარი გაკვეთილი, რომელიც Product Owner-ის როლში მუშაობამ გასწავლა?
სხვადასხვა სფეროში ციფრული პროდუქტების განვითარებაზე მუშაობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ დამანახა, რომ ტექნოლოგიები და ინდუსტრიები მუდმივად იცვლება, თუმცა მომხმარებლის პრობლემების გადაჭრის პრინციპები უცვლელი რჩება.
მთავარი არ არის, რამდენად სწრაფად ქმნი ახალ ფუნქციონალს, არამედ რამდენად სწორ პრობლემას აგვარებ. ამისთვის აუცილებელია მომხმარებლის სიღრმისეული გაგება, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც გუნდის თითოეულ წევრს კარგად ესმის, რა ღირებულებას ქმნის და ყველა საერთო მიზნისკენ არის მიმართული.
მარტივი გამოცდილების შექმნა ყველაზე რთული ამოცანაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მუშაობ პროდუქტზე, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იყენებს. ასეთ შემთხვევაში, ყველაზე დიდი ღირებულება ხშირად ახალი ფუნქციის დამატებაში კი არა, არსებული პროცესების გამარტივებასა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაშია.
თუ მიგიღია გადაწყვეტილება, რომელიც არ გამართლდა და რა ისწავლე ამ გამოცდილებისგან?
არაერთხელ მქონია შემთხვევა, როდესაც მჯეროდა, რომ ახალი ფუნქცია მომხმარებლისთვის დიდი ღირებულების მატარებელი იქნებოდა, თუმცა რეალურმა გამოყენებამ მოლოდინი ვერ გაამართლა.
ინოვაციური ხედვა აუცილებელია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მონაცემებმა და მომხმარებლის რეალურმა ქცევამ უნდა განსაზღვროს. ამიტომ ვცდილობ, დიდი ინიციატივები მცირე ექსპერიმენტებით შევამოწმოთ, სწრაფად ვისწავლოთ და საჭიროების შემთხვევაში მიმართულება ისეთივე თავდაჯერებით შევცვალოთ, როგორც თავიდან ავირჩიეთ.
რა რჩევას მისცემდი ადამიანს, ვინც ახლა იწყებს Product Owner-ის გზას?
პირველ რიგში, იყავი ცნობისმოყვარე. ისწავლე ბიზნესის, ტექნოლოგიისა და მომხმარებლის ენა, მაგრამ ყველაზე მეტად - მოსმენა. საუკეთესო Product Owner-ები არ არიან ისინი, ვისაც ყველა პასუხი აქვთ; ისინი არიან ადამიანები, რომლებიც სწორ კითხვებს სვამენ და მუდმივად სწავლობენ.
კარგი პროდუქტი იშვიათად იქმნება პირველი იდეით, ის ყალიბდება მომხმარებლის უკუკავშირის, მონაცემების, ექსპერიმენტებისა და გუნდური თანამშრომლობის შედეგად.
ასევე მნიშვნელოვანია, კრიტიკულად შეხედო არსებულ გადაწყვეტებს და შეიყვარო პრობლემა, რომელსაც მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად წყვეტ. საკუთარი იდეებიც უნდა გადააფასო მაშინ, როცა მონაცემები ან მომხმარებლის ქცევა სხვა რამეს გეუბნება, შედეგად კი ბევრად უკეთეს პროდუქტებს შექმნი.
რომელი პროექტი/გამოცდილება გახსენდება პირველად, როცა ფიქრობ შენს ყველაზე მნიშვნელოვან გამოცდილებაზე Product Owner-ის როლში და რატომ?
ყველაზე მეტად მახსენდება მასშტაბური ციფრული ტრანსფორმაციის პროექტები, სადაც სხვადასხვა მიმართულების გუნდები ერთი საერთო მიზნის გარშემო ერთიანდებოდნენ, მომხმარებლისთვის რთული პროცესების მაქსიმალურად გამარტივების მიზნით.
ასეთ პროექტებში განსაკუთრებით კარგად ჩანს, რომ Product Owner-ის მთავარი ამოცანაა საერთო ხედვის ჩამოყალიბება, სხვადასხვა ინტერესის მქონე მხარის გაერთიანება და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ერთდროულად ქმნის ღირებულებას, როგორც მომხმარებლისთვის, ისე ბიზნესისთვის.
ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება სწორედ ის მომენტია, როდესაც მომხმარებელი ვერც კი ამჩნევს, რამდენად რთული პროცესები დგას იმ მარტივი გამოცდილების უკან, რომელსაც ყოველდღიურად იყენებს. ვფიქრობ, საუკეთესო პროდუქტი ისაა, რომელიც ტექნოლოგიურ სირთულეს მომხმარებლისგან მალავს და მისთვის მხოლოდ სიმარტივეს ტოვებს.
შენი გუნდის გამოცდილებით, რა პრაქტიკა ან მიდგომა გეხმარებათ Product გუნდებს მომხმარებელზე უკეთ ფოკუსირებასა და კარგი პროდუქტის შექმნაში?
ჩემი გამოცდილებით, საუკეთესო პროდუქტები იქმნება მაშინ, როდესაც მთელი გუნდი ფიქრობს როგორც პროდუქტის მფლობელი, იზიარებს პასუხისმგებლობას შედეგზე, ღიად განიხილავს იდეებს, საჭიროების შემთხვევაში მათ ეჭვქვეშ აყენებს და საერთო მიზნად მომხმარებლისთვის რეალური ღირებულების შექმნას ისახავს.
სწორედ ამიტომ ვცდილობთ, გუნდის თითოეულ წევრს მუდმივი შეხება ჰქონდეს მომხმარებლის რეალურ გამოცდილებასთან - მონაცემების ანალიზის, კვლევების, მომხმარებლის უკუკავშირისა და მისი ყოველდღიური ქცევის დაკვირვების საშუალებით. როდესაც გადაწყვეტილებები ფაქტებზეა დაფუძნებული და არა მხოლოდ ინტუიციაზე, პროდუქტიც უფრო ზუსტად პასუხობს მომხმარებლის საჭიროებებს.
საბოლოოდ, კარგი პროდუქტი ერთი ადამიანის იდეის შედეგი არ არის, ის ძლიერი თანამშრომლობის, საერთო პასუხისმგებლობისა და მომხმარებელზე მუდმივი ფოკუსის შედეგია.
რა გაძლევს ყველაზე დიდ მოტივაციას ყოველდღიურ საქმიანობაში?
ყველაზე მეტად მაშინ ვარ მოტივირებული, როცა ვხედავ, რომ ჩვენი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რეალურად ამარტივებს მომხმარებლების ყოველდღიურ გამოცდილებას. განსაკუთრებით საინტერესოა იმ პროდუქტებზე მუშაობა, რომლებსაც ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იყენებს. ასეთ დროს კიდევ უფრო კარგად აცნობიერებ, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული დეტალი.
არანაკლებ ენერგიას მაძლევს გუნდთან მუშაობა. სასიამოვნოა იმის დანახვა, როგორ იზრდებიან ადამიანები პროფესიულად, იღებენ მეტ პასუხისმგებლობას და საკუთარი იდეებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ პროდუქტის განვითარებაში. ჩემი აზრით, საუკეთესო შედეგები სწორედ ძლიერი თანამშრომლობისა და ერთმანეთისგან მუდმივი სწავლის შედეგად მიიღწევა.
პირადი ჰობი, რომელიც გეხმარება ენერგიის აღდგენასა და ახალი იდეების პოვნაში?
ცურვა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გზაა ყოველდღიური ხმაურისა და დატვირთვისგან დისტანცირებისთვის. წყალში ყოფნა მეხმარება ფიქრების დალაგებაში და ხშირად სწორედ ამის შემდეგ უფრო მარტივად ვპოულობ პასუხებს იმ საკითხებზე, რომლებზეც მანამდე აქტიურად ვფიქრობდი.
ცურვამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მასწავლა, შედეგს სწორი რიტმი, დისციპლინა და თანმიმდევრულობა ქმნის. ვფიქრობ, იგივე პრინციპი მოქმედებს პროდუქტის განვითარებაშიც: გრძელვადიან წარმატებას არა ერთჯერადი დიდი ცვლილებები, არამედ ყოველდღიური, მიზანმიმართული გაუმჯობესებები განაპირობებს.