საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ - Global Finance - თიბისი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ინოვაციურ ბანკად დაასახელა.
საერთაშორისო ჯილდო თიბისის გადაეცა ინოვაციური სიახლეების დანერგვისთვის, რომლებიც მომხმარებლების გამოცდილებას აუმჯობესებს. მათ შორისაა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მინი და მიკრო სესხების გაცემის პროცესში, რომელიც Global Finance-მა რეგიონის ტოპ ინოვაციად აღიარა.
ეს წარმატება ადასტურებს, რომ თიბისიში შექმნილი ინოვაციები გასცდა ადგილობრივ ბაზარს და უკვე გლობალურ დონეზე განსაზღვრავს ფინანსური სერვისების მომავალს.
თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორი - ბიძინა მაცაბერიძე ამ წარმატებასა და იმ გზაზე გვიყვება, რომელსაც თიბისის დიდი გუნდი იდეის დაბადებიდან საერთაშორისო აღიარებამდე გადის.
„ეს აღიარება ჩვენი შრომის დაფასება და ობიექტური შეფასებაა.
დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით, სწორად განგვემარტა, თუ რას ნიშნავს ინოვაცია და შევთანხმებულიყავით, რომ ეს მხოლოდ მარსზე როვერის გაშვება არაა. ინოვაცია არის ის, რაც ჩვენი ბაზრისა და მომხმარებლებისთვის ახალია - რა შესაძლებლობაც ან სერვისიც აქამდე არ ჰქონიათ, ანუ არსებული პრობლემის ახლებურად გადაწყვეტა.
შემდეგ დავიწყეთ ამ ყველაფრის აღრიცხვა და გარკვეული პერიოდულობით ვუყურებთ, რა გავაკეთეთ პირველებმა საქართველოში, ევროპაში ან მსოფლიოში. საერთაშორისო მასშტაბის ჯილდოს მიღება კი, იმის დადასტურებაა, რომ ჩვენს მომხმარებლებს მართლაც განსხვავებული რამ შევთავაზეთ.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თიბისის მისიასაც კარგად შეესატყვისება, რომ გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება - რაღაც იმაზე მარტივად, უკეთ და სწრაფად გააკეთონ, ვიდრე აქამდე აკეთებდნენ.“
გამარჯვებული გუნდი - ვინ ქმნის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ინოვაციურ ბანკს
„იდეა შესაძლოა დაიბადოს იქიდან, რომ რომელიმე თიბისელმა კარგად მოუსმინა მომხმარებლის საჭიროებას, ან კომპანიის კომპანიის შიგნით დაინახა გარკვეული რუტინა და თქვა: ხომ არ შეიძლება, ავტომატიზაცია გავაკეთოთ, პროცესები და მომხმარებლის გამოცდილება გავაუმჯობესოთ?
ინოვაციის წყარო შესაძლოა გახდეს თიბისის დიდი გუნდის ნებისმიერი წევრი და ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ამ პროცესს, რომ მეტი საინტერესო იდეა დაიბადოს.
შემდეგ იწყება აღსრულების ეტაპი, სადაც ისიც მოიაზრება თუ როგორ გავზომავთ ინოვაციის წარმატებას. ამ ეტაპიდან, შესაბამისი გუნდები იწყებენ კოორდინირებულ მუშაობას. ესენი შეიძლება იყვნენ განსხვავებული მიმართულებების წარმომადგენლები - მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტის, მარკეტინგის, პროგრამული თუ აპარატული უზრუნველყოფის ინჟინერიის, დეველოპმენტ გუნდები და ა.შ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ ადამიანების ჩართულობა, რომლებიც ინოვაციის დანერგვის შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა გამოცემას თუ შემფასებელს აწვდიან ინფორმაციას ამის შესახებ - ავსებენ განაცხადს და მაქსიმალურად კარგად წარმოაჩენენ, რაში მდგომარეობდა კონკრეტული პროდუქტის ინოვაციურობა.
სწორედ, ეს გრძელი ჯაჭვია ჩვენი წარმატების წყარო, რომ პირველივე ნაბიჯიდან პროცესის ბოლომდე, ყველას თავისი აგური აქვს დადებული.“
ადგილობრივი ბაზრიდან საერთაშორისო აღიარებამდე - ვაწესებთ გლობალურ სტანდარტებს
“საფინანსო სფეროს განვითარების პარალელურად, ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მიდგომებით ვმუშაობთ და ბევრ უფრო განვითარებულ რეგიონსა თუ ქვეყანას ვუსწრებთ, ამ თვალსაზრისით. მაგალითად, ის, რაც ჩვენთვის ყოველდღიურობის ნაწილია და 10-15 წლის წინ დავნერგეთ, აღმოგვიჩენია, რომ სხვა ქვეყანაში ახლა ინერგება.
ჩვენ გვჯერა და ხმამაღლა ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ ბევრი განსხვავებული და ინოვაციური მიდგომა უკვე დანერგილი გვაქვს და ეს გამოცდილება უკვე სხვებს გამოადგებათ. ბევრი მაგალითი გვაქვს, რომ ჩვენი გამოცდილების გაზიარების თხოვნით მოგვმართეს; იქნება ეს ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია, სტრატეგია თუ მუშაობის სტილი.
ამიტომ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ჩვენ ვართ სფეროს ის მოთამაშე, რომელიც არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ გლობალური მასშტაბით ქმნის ინოვაციებს.”