სკოლა „კანდიდის“ ისტორია 1999 წლიდან იწყება, როდესაც დავით და მაია ქვრივიშვილებმა გადაწყვიტეს, საკუთარი ძალები განათლების სფეროსკენ მიემართათ. სახელწოდება ვოლტერის ნაწარმოების ინსპირაციით შეარჩიეს — მასში ნათლად ჩანს, რომ ადამიანმა რეალური მოქმედებით უნდა იზრუნოს ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ნაცვლად უტოპიური იდეების სამყაროში დარჩენისა.
„ამავდროულად, ჩვენთვის „კანდიდს“ ორმაგი დატვირთვა აქვს, რადგან სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში ის სიწმინდესა და სითეთრეს ნიშნავს“, —განმარტავს სკოლა „კანდიდის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მაია ქვრივიშვილი.
საფუძვლიდანვე აშკარა იყო, რომ ეს არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება — „კანდიდი“ არის ადგილი, სადაც მოსწავლე საკუთარი შესაძლებლობების შეცნობას, პიროვნული ზრდის პროცესს და აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას სწავლობს. ამიტომაცაა, რომ სკოლის მთავარი პრინციპი — თითოეული მოსწავლის აღზრდა სრულფასოვან, დამოუკიდებელ, მოაზროვნე და ტოლერანტ მოქალაქედ — ყველა ეტაპზე განსაზღვრავს მიდგომებს, საგანმანათლებლო პოლიტიკას და ყოველდღიურ ურთიერთობებს.
„ვფიქრობთ, გლდანის საგანმანათლებლო დაწესებულებების კერძო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი სკოლის სათავეში ვართ. ალბათ, ჩვენს მნიშვნელოვან უპირატესობას ისიც წარმოადგენს, რომ ახალ მოსწავლეებს, ძირითადად, არ ვიღებთ — მოზარდების მთელი მენტალურ-აკადემიური თუ მორალური ჩამოყალიბება ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს, პირველიდან მე-12 კლასამდე.
ამასთანავე, ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო სისტემა აგებულია როგორც აკადემიურ, ისე არაფორმალურ აქტივობებზე. საათობრივი გაძლიერებული დატვირთვა და დამატებითი შეთავაზებები გვაქვს — მაგალითად, სამი ტიპის უცხოურ ენას ვთავაზობთ მოსწავლეებს; STEM-ის მიმართულების საგნებს გაძლიერებულად ვასწავლით; კემბრიჯის გამოცდებზეც გაგვყავს, რათა ენობრივი კომპეტენცია დაადასტურონ. გარდა ამისა, გვაქვს გაცვლითი პროგრამები, საზაფხულო სკოლები, გუნდური სამუშაო სივრცეები და ა. შ.“, — აღნიშნავს მაია ქვრივიშვილი.
ზოგადად, „კანდიდში“ განათლება გულისხმობს არა მხოლოდ აკადემიურ ცოდნას, არამედ სწორი გადაწყვეტილებების მიღების, პროფესიული ორიენტაციის, გუნდური მუშაობისა და თვითშეფასების უნარების განვითარებას. პედაგოგები არ შემოიფარგლებიან საგნის სწავლებით — ისინი არიან მოზარდების განვითარების მეგზურები და ფსიქოლოგიურად გადამზადებული მენტორები.
ამ ყველაფრის ერთიანობით, სკოლა ორიენტირებულია მოსწავლის თვითეფექტურობაზე — „კანდიდში“ ბავშვებს ასწავლიან, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია, შრომა შედეგს იძლევა და თითოეული წარმატება პირადი ძალისხმევის შედეგია. ამ პროცესში კი მასწავლებლები ქმნიან უსაფრთხო, მოტივაციურ და მზრუნველ გარემოს, სადაც თითოეულ მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა, იპოვოს საკუთარი ადგილი.
დღეისათვის „კანდიდი“ ორ შენობას მოიცავს და, რა თქმა უნდა, ორივე მათგანი ტექნოლოგიურად აღჭურვილია, რაც მაღალი დონის გაკვეთილების ჩატარებას უზრუნველყოფს. „ამ ყველაფრის მისაღწევად და განსავითარებლად ძლიერი ფინანსური პარტნიორის ყოლაა საჭირო; ჩვენ შემთხვევაში კი, ეს როლი თიბისიმ შეითავსა. უკვე წლებია, ფინანსურ საჭიროებებს თიბისის დახმარებით უზრუნველვყოფთ — მათ შორის, როცა დაწყებითი საფეხურის სკოლას ვაშენებდით, ძალიან კარგი პირობები შემოგვთავაზა. ასევე, ადმინისტრაციული კორპუსიც მისი მეშვეობით გავაფართოვეთ. თანაც, გარდა მოგებიანი პირობებისა, აღსანიშნავია სწრაფი რეაგირება და მომსახურების დონე. რეალურად, თიბისი რომ არა, ფიზიკურად ვერ შევძლებდით აქამდე მოსვლას“.