8 კომპანიამ ინდოეთში საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

19 თებ. 2025
Blog banner 4

ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 კომპანიამ, თიბისის მხარდაჭერით, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, საერთაშორისო გამოფენაში - MEWA INDIA 2025 მიიღო მონაწილეობა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ასოციაციის ორგანიზებით, ქართული კაკლოვანი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები ერთად წარსდგნენ საერთაშორისო გამოფენაზე.

ვიზიტის ფარგლებში, ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციამ კავშირები დაამყარა ინდოეთის ბაზარზე პოტენციურ შემსყიდველებთან და თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა გამოფენის ორგანიზატორ ორგანიზაციასთან - ინდოეთის მშრალი ხილისა და კაკლოვნების საბჭოსთან.

MEWA INDIA 2025-ში მონაწილეობით, ქართული ნუშისა და კაკლის ცნობადობა მსოფლიო მასშტაბით გაიზარდა. დაინტერესებულმა შემსყიდველებმა ადგილზე დააგემოვნეს ქართული კაკლეული.

„ინდოეთში გამოფენაზე ჩვენი ნუშისა და თხილის მიმართ, დიდი ინტერესი გამოხატეს. ჩვენი ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროპა და დასავლეთ და სამხრეთ აზიის ქვეყნებია. ინდოეთშიც ვართ უკვე წარმოდგენილები, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ გამოფენის შემდეგ, კიდევ ურო გაფართოვდება ჩვენი საექსპორტო არეალი ქვეყანაში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია, განსაკუთრებით ნუშის მიმართულებით“, - ირაკლი ჭიღლაძე, „ნათს ინქორფორეითიდის" ექსპორტის მენეჯერი.

„ჩვენთვის ინდოეთი რამდენიმე წელია სამიზნე ბაზარია, სადაც აქამდე ერთი პარტნიორი გვყავდა. ეს ამოუწურავი ბაზარია უსაზღვრო შესაძლებლობებით. ჩვენ უკვე ვემზადებით საშემოდგომო სეზონისთვის და ოქტომბერში კიდევ უფრო გაზრდილ მოსავალს ველოდებით. შესაბამისად, ჩვენთვის პრიორიტეტულია პროდუქციის დივერსიფიცირება სხვადასხვა საექსპორტო ბაზარზე“, - ანა ქევხიშვილი, “ანიგოზის” თანადამფუძნებელი.

„ჩვენი პროდუქტის გაყიდვების არეალი წინა წლებში ადგილობრივი ბაზარი იყი, რაც ბოლო წლებში ევროპაში ექსპორტმა ჩაანაცვლა. ამ გამოფენის შემდეგ კი ვიმედოვნებთ, რომ ინდოეთში ახალ კონტაქტებს დავამყარებთ. ქართული თხილეულის და კაკლეულის კონკურენტული უპირატესობა გემოვნური თვისებები და ხარისხია და ჩვენს პროდუქტს საერთაშორისო ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს“, - კომპანია Georgian Walnut Enterprise.

19 თებ. 2025