chevron-right-outlined
globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

„გამარჯვებას რა უნდა“- დილის შეხვედრების სერია დ ბლოკში გრძელდება

17 დეკ. 2025
cover

ბოლო ორი კვირაა, სოციალური ქსელების კონტენტი სრულად მოიცვა „რკენას“ ორთაბრძოლებმა. სპორტის სასახლეში გამართულ ბრძოლას 7 500 ადამიანი დაესწრო. ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მერაბ შარიქაძე, რომელმაც MMA-ში სადებიუტო ბრძოლა გამარჯვებით დაამთავრა. თუმცა, ოქტაგონზე სხვა ბევრი ვარსკვლავიც გამოჩნდა და მთავარ კითხვაზე: გამარჯვებას რა უნდა?- ჩვიდმეტივე მათგანს განსხვავებული პასუხი ჰქონდა.

ქართველებს რომ ძალისმიერი სპორტისა და ორთაბრძოლების გულშემატკივრობა გვიყვარს, ახალი ამბავი არაა. რაგბი და ლელობურთი ხომ ისედაც ჩვენი თამაშია, ალავერდის ტაძარში, მე-15 საუკუნის ფრესკაც კი არის, რომელზეც მოჭიდავეების შერკინებაა გამოსახული.

ლოგიკურია, რომ საქართველოში დაფუძნებული ახალი MMA ორგანიზაციისადმი დიდი ინტერესი იყო. „რკენას“ მთავარი მხარდამჭერი Setanta Sports-ია. თუმცა, სანამ სრულად გაყიდულ ბილეთს და გულშემატკივრებით გადაჭედილ სპორტის სასახლეს ნახავდნენ, ორგანიზატორებმა რამდენიმეთვიანი ინტენსიური სამუშაო გასწიეს.

რადგან კულუარული ამბები ყველას გვაინტერესებს, 10 დეკემბერს დ ბლოკში ის ხალხი შეიკრიბა, ვინც ოქტაგონზე არანაკლები ენერგია დახარჯა, ვიდრე თავად მებრძოლებმა.

რამდენიმე თვეა, დ ბლოკის დილის შეხვედრების სერია თიბისი ბიზნესისა

და Visa-ს მხარდაჭერით ტარდება. Setanta sports-ის კონტენტის კრეატიული ხელმძღვანელი, გივი ქემოკლიძე, ანანო დოდელია , მინდია წიკლაური, კონტენტ კრეატორი, მურთაზ ჩიქოვანი და უკვე MMA-ს მებრძოლი მერაბ შარიქაძე ცნობისმოყვარე ( არც თუ მცირე) აუდიტორიას ,,რკენას’’ ბრენდის შექმნაზე ესაუბრნენ.

კრეატიული გუნდისთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა, შეექმნათ ბრენდი, რომელზეც გულშემატკივარს ემოციური ბმა ექნებოდა. თუ ერთხელ მაინც მოისმინეთ ქართული საჭიდაოს ნიკა ქოჩაროვის ვერსია, „ჭიდაობას რა უნდა“, შეუძლებელია არ აგკვიატებოდათ.

„გვინდოდა მაყურებელი მიგვეყვანა დარბაზში, სადაც არ ეცოდინებოდათ, რა ემოციას მიიღებდნენ. ვიზუალიც არ უნდა ყოფილიყო ძალიან თანამედროვე, რადგან ქართულ თემატიკას უბრალო, მაგრამ ემოციური სტილი უხდება. საოცარი შედეგი მივიღეთ. ფაქტია, რომ ეს მუხტი და მოტივაცია ისეთ ადამიანებსაც გადაეცათ, ვისაც ჩხუბი საერთოდ არ აინტერესებს. სპორტზე მუშაობით დიდი სიამოვნება მივიღეთ, ყველაზე ემოციური სფეროა “, - თქვა ანანო დოდელიამ.

გივი ქემოკლიძემ სპორტის თავისებურებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი აქტორი აქ სპორტსმენია.

„ამ სფეროს თავისი სპეციფიკა აქვს და მას ინფორმირებული მაყურებელი ჰყავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვერ მოიტყუები და ვერ იტყვი კონკრეტულ მებრძოლზე, რომ ის საუკეთესოა. კრეატორის მისიაა, მიაგნოს ათლეტის უნიკალურ მხარეს და წინ წამოსწიოს ის“, - აღნიშნა მან. Setanta sports-ის კონტენტის კრეატიული ხელმძღვანელის თქმით, თავდაპირველად გათვლა 500 კაცზე იყო, თუმცა კამპანიის მსვლელობის დროს, გულშემატკივართა გამოხმაურებამ გეგმები სრულიად შეცვალა.

„თანამშრომლების კრიტიკა მიყვარს, თუმცა როდესაც პირველად ჩაეშვა რკენას კონტენტი, ნაკლი ნამდვილად ვერ ვუპოვე“, - უთხრა აუდიტორიას მინდიამ.

„როდესაც კინოს იღებ, იცი ფინალი, როგორ მთავრდება. განსხვავებულია სპორტის შემთხვევა, სადაც რამდენიმე დასასრულისთვის უნდა მოემზადო და წინასწარ პარალელურ რეალობას ქმნი. რამდენიმე წელია, UFC-ზე ვმუშაობთ და მხოლოდ მოგებისთვის ვემზადებით. ვამბობთ კიდეც: თუ წავაგებთ, კონტენტი თავისით მოვა. ფაქტია, ეს მიდგომა ამართლებს“,- გვითხრა მურთაზ ჩიქოვანმა.

მერაბ შარიქაძე MMA ბრძოლისთვის მზადებას დიდხანს მალავდა, ჯერ ოჯახის წევრებისთვის, შემდეგ ფართო აუდიტორიისთვის. წელიწადნახევრიანი სპორტული პაუზის შემდეგ, განსხვავებულ ამპლუაში დაბრუნება მისთვის ძალიან საპასუხისმგებლო აღმოჩნდა.

„მსგავს ღონისძიებებზე ჩემს თავს ვერ ვხედავდი, ამიტომ შემოთავაზებაზე დიდხანს ვფიქრობდი. შემდგომ გავაანალიზე, რომ რადგან სეტანტაა ორგანიზატორი, ორგანიზების დონეც მაღალი იქნებოდა და სასაცილოდ არ გამოვჩნდებოდი. გულწრფელად ვიტყვი, შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ისეთი სითბო და სიყვარული მივიღე გულშემატკივრებისგან, სულ რომ წამეგო ბრძოლა ამ ემოციებად ღირდა. (თუმცა, წაგებას არც კი განვიხილავდი). ძალიან მნიშვნელოვანია ის კონტენტიც, რომელიც პროცესში იქმნებოდა. ეკიპირებაც დიდ როლს თამაშობს, სპორტსმენს შენი თავი უნდა მოგწონდეს, განწყობას გმატებს. ახლა, კიდევ უფრო გავიაზრე, რას ნიშნავს ცნობილი გამონათქვამი- Dream Big. ეს მართლა ასეა“, - უთხრა აუდიტორიას მერაბ შარიქაძემ.

პირველი წარმატებული ღონისძიების შემდეგ, სამომავლო გეგმები უკვე საერთაშორისო აუდიტორიის მოზიდვას უკავშირდება.

17 დეკ. 2025