<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" data-beasties-media="all"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

გაიცანით თიბისელი AI ჩემპიონები

4 ნოე. 2026
cover

AI ჩემპიონების პროგრამა AI Literacy ინიციატივის ნაწილია და მისი მიზანია, თიბისიში AI-ის შესახებ ცოდნის გაზიარებას, პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებასა და ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენებას შეუწყოს ხელი.

უკვე რამდენიმე თვეა, AI ჩემპიონები საკუთარ გუნდებში ახალ შესაძლებლობებს ცდიან, გამოცდილებას კოლეგებს უზიარებენ და მათ AI-ის პრაქტიკულ გამოყენებაში ეხმარებიან.

AI ჩემპიონების გაცნობის სერიის მესამე ბლოგში მარიამ წოწოლაშვილი, შოთა იორამაშვილი და ივანე გიგოშვილი გვიყვებიან, როგორ ეხმარებათ თანამშრომლობა ახალი იდეების აღმოჩენაში, რა აძლევთ ცოდნის გაზიარების მოტივაციას და რა არის საჭირო იმისთვის, რომ AI საინტერესო ექსპერიმენტიდან ყოველდღიური სამუშაოს ნაწილად იქცეს.

ცნობისმოყვარეობიდან გაზიარებამდე

მარიამ წოწოლაშვილს, როგორც დეველოპერს, ტექნოლოგიური გამოცდილება ეხმარება, AI-ის შესაძლებლობები პრაქტიკაში გამოცადოს და მიღებული ცოდნა გუნდის წევრებსაც გაუზიაროს. მისთვის განსაკუთრებით საინტერესოა მომენტი, როცა კოლეგებს თავადაც უჩნდებათ სურვილი, ახალი ხელსაწყოები მოსინჯონ და მათი გამოყენების განსხვავებული გზები აღმოაჩინონ.

სწორედ ამიტომ, მარიამის მიერ ორგანიზებული შეხვედრები მხოლოდ ინფორმაციის გაზიარებით არ შემოიფარგლება. ყველაზე საინტერესო დისკუსიები კონკრეტული ხელსაწყოს ერთობლივად გამოცდისას იწყება: გუნდი აკვირდება, როგორ მუშაობს ის, კიდევ რისი გაკეთება შეუძლია და რომელ პროცესში შეიძლება მისი გამოყენება.

ხშირად კოლეგების კითხვები ახალი იდეების წყაროც ხდება და მომდევნო შეხვედრების თემებსაც განსაზღვრავს.

„მინდა, AI-ის შესაძლებლობები ისე გამოვიკვლიოთ, რომ ხანდახან ჩვენც გაგვიკვირდეს, რისი გაკეთება შეგვიძლია.“

მარიამისთვის შეხვედრის მთავარი შედეგი ისაა, რომ სესიის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გაზიარებული ხელსაწყოების თავად გამოცდა მოუნდეთ და ეს მათთვის კალენდარში დამატებულ კიდევ ერთ რიგით შეხვედრად არ დარჩეს.

როცა აღმოჩენა სხვებისთვისაც გამოსადეგი ხდება

AI-ის მიმართ ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა შოთა იორამაშვილის ყოველდღიურობის ნაწილი ჩემპიონობამდეც იყო. ის მუდმივად ცდილობდა ახალი ხელსაწყოებისა და შესაძლებლობების აღმოჩენას, AI ჩემპიონის როლმა კი ამ ინტერესს უფრო სტრუქტურირებული ფორმა მისცა.

ახლა შოთა არა მხოლოდ სიახლეების გამოცდაზე, არამედ იმაზეც ფიქრობს, როგორ აქციოს საკუთარი აღმოჩენები სხვებისთვის გასაგებ და მარტივად გამოსაცდელ გამოცდილებად.

მისთვის მთავარი მოტივაცია იმის დანახვაა, რომ გაზიარებული ცოდნა კოლეგას რეალურ საქმეში ეხმარება. როცა ადამიანი AI-ის გამოყენებას იწყებს და ხედავს, როგორ უმარტივებს ის ყოველდღიურ სამუშაოს, შოთასაც უჩნდება მეტი სურვილი, ძიება და გაზიარება გააგრძელოს.

მისი აზრით, AI იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ყველა სიახლის დამოუკიდებლად მოცვა რთულია. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გარემოს, სადაც ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ დასვან კითხვები, ისაუბრონ საკუთარ მცდელობებზე და ერთმანეთის გამოცდილებით ისწავლონ.

ჩემპიონის როლმა შოთას AI-ზე ხედვაც შეუცვალა. ახლა ახალ შესაძლებლობებს უფრო მეტად სხვა ადამიანების საჭიროებების პერსპექტივიდან უყურებს. თიბისიში თანამშრომლებს განსხვავებული საქმიანობა, გამოცდილება და AI-ის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. სწორედ საუბრისა და ცოდნის გაცვლის დროს ჩნდება გამოყენების ისეთი გზები, რომლებზეც ცალ-ცალკე მუშაობისას შეიძლება არც ეფიქრათ.

„ამ როლმა უფრო ნათლად დამანახა, რამდენის სწავლა შეგვიძლია ერთმანეთისგან.“

იდეიდან რეალურ სამუშაო პროცესამდე

ივანე გიგოშვილისთვის AI ჩემპიონების პროგრამა ახალი იდეების ჩამოყალიბების პირდაპირი წყარო გახდა. პროფესიულმა ერთობამ, კოლეგების გამოცდილებამ და IT აკადემიის გუნდის მიერ ორგანიზებულმა შეხვედრებმა მას საშუალება მისცა, დაფიქრებულიყო, როგორ შეიძლებოდა თანამედროვე ტექნოლოგიების საკუთარ სამუშაო პროცესებზე მორგება.

ღია დისკუსიებისა და ერთობლივი მუშაობის შედეგად ივანემ სამი კონკრეტული გამოყენების შემთხვევა ჩამოაყალიბა და AI Hub-ში დააფიქსირა. ამჟამად გუნდი უკვე მათი განხორციელების მიმართულებით მუშაობს.

ყველაზე დიდ შესაძლებლობას ივანე ფინანსური მოდელირებისა და ანალიზის პროცესების გამარტივებაში ხედავს. მაგალითად, შესაბამისი კორპორაციული ხელსაწყოების გამოყენებით შესაძლებელი გახდება ინტერაქტიული სტრესტესტებისა და ფინანსური დაფების უფრო სწრაფად მომზადება.

პროცესები, რომლებსაც დღეს Excel-ში მნიშვნელოვანი დრო სჭირდება, მომავალში შეიძლება გაცილებით მოკლე დროში შესრულდეს და მიღებული შედეგებიც უფრო მარტივად აღსაქმელი გახდეს.

თუმცა იმისთვის, რომ AI იდეა ყოველდღიური საქმიანობის ნაწილად იქცეს, ივანე სამ მნიშვნელოვან წინაპირობას გამოყოფს:

  • სწორი კონტექსტი

  • უსაფრთხო გარემო

  • კრიტიკული აზროვნება

მარიამის, შოთასა და ივანეს გამოცდილება გვაჩვენებს, რომ AI-ის შესაძლებლობების აღმოჩენა მხოლოდ ინდივიდუალური ძიების შედეგი არ არის. ხშირად ყველაზე საინტერესო იდეები სწორედ კოლეგებთან საუბრისას, სხვადასხვა გამოცდილების გაზიარებისა და ახალი ხელსაწყოების ერთად გამოცდისას ჩნდება.

AI ჩემპიონის როლიც სწორედ ამაშია: ჩემპიონები თავად იკვლევენ ახალ შესაძლებლობებს, ცოდნას სხვებისთვის მარტივად გამოსაცდელ ფორმას აძლევენ და გუნდებს ეხმარებიან, იდეები რეალურ სამუშაო პროცესებად აქციონ. ამ გზაზე კი ტექნოლოგიურ ინტერესთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, კრიტიკული აზროვნება და ერთმანეთისგან სწავლის სურვილი.

4 ნოე. 2026