თანამედროვე ბიზნესგარემო მუდმივ ცვლილებებს განიცდის, რომელიც კომპანიებს უბიძგებს, მიიღონ სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებები. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ დაარსდა 2010 წელს GEC Consulting — საერთაშორისო მენეჯმენტ საკონსულტაციო სივრცე, რომელიც თანამშრომლობითი მიდგომით მხარს უჭერს პარტნიორების სტრატეგიული განვითარების დაგეგმვას, ბიზნეს პროცესების სტანდარტიზაციასა და გაციფრულებას.
კომპანიები GEC Consulting-ს მაშინ აკითხავენ, როცა სწრაფი ზრდის მართვა სჭირდებათ, ეფექტიანობის გაზრდას ცდილობენ ან პროცესების სტრუქტურირებას და სტანდარტიზაციის შესაძლებლობებს ეძებენ, რათა კიდევ უფრო გააძლიერონ საკუთარი პოზიციები ბაზარზე.
„თავდაპირველად სხვადასხვა ტიპის სერვისზე ვიყავით კონცენტრირებული, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორისთვის. წლების განმავლობაში განვახორციელეთ 200-მდე პროექტი, მათ შორისაა პარტნიორი ორგანიზაციების სტრატეგიის განვითარება, ბიზნეს ანალიტიკა და პროცესების ოპტიმიზაცია. ასევე, გამოცდილება გვაქვს ბიზნესის განვითარებისა და ბიზნეს გეგმის შემუშავების მიმართულებით.“ — აღნიშნავს გიორგი სიმონგულაშვილი, GEC Consulting-ის დამფუძნებელი.
კომპანიის განსაკუთრებულობა სისტემურ და თანამშრომლობით მიდგომაშია — თითოეული ორგანიზაციის საჭიროებებს GEC Consulting-ი ინტეგრირებულად უყურებს. ახალი გადაწყვეტების შექმნისას, პარტნიორი კომპანიის მმართველი გუნდის აქტიური ჩართულობით, ეფექტიანი, მოქნილი და პრაქტიკული შედეგები მიიღწევა. კომპანიის პრინციპი მარტივია: ყველა კომპონენტი ურთიერთდაკავშირებულია და წარმატებისთვის მათი ბალანსი აუცილებელია.
„ჩვენი პროექტები ყოველთვის პარტნიორი კომპანიის საჭიროებებზეა მორგებული. ინდივიდუალური და თანაშექმნითი (co-creation) მიდგომით, მენეჯმენტთან ერთად ვქმნით სტრატეგიებს, ვაანალიზებთ შესაძლებლობებს და ვგეგმავთ ნაბიჯებს პარტნიორი კომპანიის წინსვლისთვის“ — ამბობს გიორგი.
სტაბილური განვითარების საფუძველი
საკუთარი საქმიანობის განვითარება და ინოვაციური მიდგომების დანერგვა GEC Consulting-ისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პარტნიორების მხარდაჭერა. კომპანიის წარმატების ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი სათანადო გარემოს შექმნა იყო, რომელიც ოფისის შეძენით განხორციელდა. ამ პროცესში მათ ფინანსური მხარდაჭერა თიბისი ბანკმა გაუწია.
„ეს არ არის მხოლოდ ოფისი, არამედ ჩვენი გუნდის იდეების გენერირებისა და პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობის სივრცეა. ამაში თიბისის მიუძღვის დიდი წვლილი, რადგან შესაძლებლობა მოგვცა, ბიზნესის განვითარებისთვის მყარი საფუძველი შეგვექმნა.“ — აღნიშნავს გიორგი სიმონგულაშვილი.
GEC Consulting-ი და თიბისი ბიზნესს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება. გიორგი სიმონგულაშვილი უკვე რამდენიმე წელია TBC Awards-ის ჟიურის წევრია, ასევე, ბიზნეს მოდელებისა და სტრატეგიების ქოუჩ-მენტორი. ეს ურთიერთობა ორივე მხარისთვის ღირებული აღმოჩნდა და სამომავლოდაც კიდევ უფრო გაფართოვდება.
GEC Consulting-ი დღეს აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ზომის ბიზნესთან, რომლებსაც სჭირდებათ გამართული სტრატეგიული მართვა, ეფექტიანობის უზრუნველყოფა და სისტემური გადაწყვეტილებები. მათი მთავარი მიზანი კვლავ უცვლელია — კომპანიებს მხარი დაუჭირონ ზრდასა და მდგრად განვითარებაში.