globe-outlined
EN
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

შემოსავლის 68%-იანი ზრდა: TSMC-ის ფინანსური შედეგების და პერსპექტივის ანალიზი

14 ივლ. 2026
TSMC

ნახევარგამტარების მწარმოებელმა ტაივანურმა კომპანია TSMC-იმ მიმდინარე წლის ივნისისა და პირველი ნახევრის ფინანსური შედეგები წარადგინა.

როგორც ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, გასულ თვეს კომპანიის გაყიდვები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 68%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით მატებამ 6.2% შეადგინა და მაჩვენებელმა $14.6 მილიარდს მიაღწია.

რაც შეეხება 2026 წლის პირველ ნახევარს, TSMC-ის შემოსავალმა $75 მილიარდს მიაღწია, რაც 2025 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 35.6%-ით მეტია. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კომპანიის მეორე კვარტალის შემოსავალმა მისსავე მაქსიმალურ პროგნოზსაც გადააჭარბა, რაც ინვესტორებმა პოზიტიურად მიიღეს.

ანალიტიკოსების შეფასებით, TSMC მიმდინარე წელს AI-ჩიპებიდან $40 მილიარდზე მეტი შემოსავლის მიღებას შეძლებს, რაც მისი მთლიანი ფინანსური მაჩვენებლების თითქმის 25%-ს შეადგენს. კომპანია, რომელიც სმარტფონებიდან დაწყებული, მაღალი წარმადობის ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი სისტემებით დასრულებული, სხვადასხვა მოწყობილობისთვის ნახევარგამტარებს აწარმოებს, ისეთ ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს აწვდის პროდუქციას, როგორებიც NVIDIA, Apple და AMD არიან.

ამასთან, Counterpoint Research-ის მონაცემების მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში TSMC ჩიპების გლობალური წარმოების ბაზრის 73%-ს აკონტროლებდა, რაც მას ინდუსტრიის უპირობო ლიდერად აქცევს.

ანალიტიკოსების მოლოდინები

რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას, უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინით, მომდევნო 12 თვის განმავლობაში TSMC-ის აქციები სავარაუდოდ 17%-ით გაიზრდება. თუმცა თუ Barclays Group-ის ანალიტიკოსებს დავუჯერებთ, ტაივანურ კომპანიას 44%-იანი ზრდის პოტენციალი აქვს.

ცნობისთვის, ბოლო ერთი წლის განმავლობაში TSMC-ის შეფასება 123%-ით არის გაზრდილი და მისი კაპიტალიზაცია ამჟამად $2.25 ტრილიონს შეადგენს – ამ შედეგით ის უმსხვილესი აზიური კომპანიაა.

TSMC-ის აქციებით ვაჭრობა, მისი ფინანსური პარამეტრების გაცნობა და ანალიტიკოსების პროგნოზების ნახვა თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმაში შეგიძლია.

გაითვალისწინე, ეს არ არის ფინანსური რჩევა.

14 ივლ. 2026