Kong Innovator Awards 2026-დან თიბისის ტექგუნდი მნიშვნელოვანი ჯილდოთი დაბრუნდა. Top Kong Innovator – Developer Experience – სწორედ ამ ნომინაციაში მოიპოვა თიბისიმ საერთაშორისო აღიარება.
ლოს-ანჯელესშივე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე – Kong API + AI Summit 2026 თიბისის წარმომადგენლებმა – სერგო როსტიაშვილმა და ვატო ველიაშვილმა აუდიტორიას თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ისტორიაც გაუზიარეს.
სამიტის ფარგლებში საკუთარი გამოცდილება და ხედვები გააზიარეს Kong-ის ხელმძღვანელებმა და ისეთი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა, როგორებიც არიან Spotify, Dell, Prudential, Ericsson და სხვა ორგანიზაციები.
პროექტი, რომელიც თიბისის ტექგუნდმა წარადგინა
ეს არის თიბისის API-ინტეგრაციის პლატფორმის ტრანსფორმაცია – ცენტრალიზებული მოდელიდან დეცენტრალიზებულ API-ეკოსისტემაზე გადასვლა, რაც გუნდებს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად მოიძიონ, გამოიყენონ, გამოაქვეყნონ და მართონ API-ები. შედეგად,ბანკში ინტეგრაციების შექმნის დრო 80%-ით შემცირდა და პროცესი გამარტივდა.
გამოწვევა, რომლითაც გუნდი გადაწყვეტამდე მივიდა
ტექნოლოგიურ ორგანიზაციებში მასშტაბის ზრდა მხოლოდ მეტი პროდუქტისა და სერვისის შექმნას არ ნიშნავს; ის ცვლის გუნდების მუშაობის პროცესსაც. როცა ახალი ინტეგრაციის შექმნა ერთ ცენტრალიზებულ გუნდზეა დამოკიდებული, ამ გუნდის დატვირთვამ შესაძლოა განვითარების ტემპი შეაფერხოს. სწორედ, ამ გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა თიბისი, როდესაც ორგანიზაციაში პროდუქტებისა და ტექნოლოგიური მოთხოვნების რაოდენობა გაიზარდა.
მანამდე, ბანკი ცენტრალიზებულ ინტეგრაციის მოდელს იყენებდა. ამ მიდგომის ფარგლებში ინტეგრაციების შექმნაზე პასუხისმგებლობა ძირითადად ერთ გუნდს ეკისრებოდა. მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, თიბისიმ დეცენტრალიზებულ API-ეკოსისტემაზე გადასვლა გადაწყვიტა. ეს არის მოდელი, რომელშიც პროდუქტული გუნდები მეტ დამოუკიდებლობას იღებენ, ცენტრალური ინტეგრაციის გუნდი კი, პლატფორმის განვითარებაზე, საერთო სტანდარტებსა და სხვა გუნდების მხარდაჭერაზე კონცენტრირდება.
შეიქმნა შიდა პორტალიც, რომლის შედეგადაც, API-ების კატალოგში გუნდებს შეუძლიათ მოიძიონ ინფორმაცია სერვისების, მათი მფლობელების, დოკუმენტაციისა და გამოყენების წესების შესახებ. ახლა, ინფორმაციის მისაღებად სხვადასხვა ადამიანთან დაკავშირება საჭირო აღარ არის, ხოლო API-ების აღმოჩენა და გამოყენება უფრო მარტივდება.
ციფრებში გამოხატული შედეგები
განახლებულმა მოდელმა ხელშესახები შედეგები მოიტანა: ინტეგრაციების შექმნის დრო 80%-ით შემცირდა, პლატფორმა თიბისის 150 გუნდს ემსახურება და თვეში 8 მილიარდზე მეტ API-მოთხოვნას ამუშავებს.
პროექტის ტექნოლოგიურ და ორგანიზაციულ მხარეებზე სერგო როსტიაშვილი და ვატო ველიაშვილი გვესაუბრებიან:
რა ტექნოლოგიურმა გადაწყვეტილებებმა გახადა შესაძლებელი ინტეგრაციების მიწოდების დროის შემცირება და გუნდების დამოუკიდებლობის გაზრდა?
სერგო როსტიაშვილი (პლატფორმების ლიგის ლიდერი):
მნიშვნელოვანი იყო როგორც ორგანიზაციული პროცესების ცვლილება, ისე Kong-ის ტექნოლოგიური პროდუქტის დანერგვა. მთავარი ფაქტორი ინტეგრაციების ცენტრალიზებულ გუნდზე დამოკიდებულების შემცირება და ამ გუნდის პლატფორმულ მიდგომაზე გადაყვანა გახდა. პროდუქტულ გუნდებს მიეცათ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად გამოაქვეყნონ, აღმოაჩინონ და გამოიყენონ API-ები საერთო სტანდარტების დაცვით. შიდა პორტალი კი, მათ საჭირო ინფორმაციის ერთ სივრცეში მოძიებაში ეხმარება.
საბოლოოდ, მივიღეთ ეკოსისტემა, რომელშიც გუნდებს ერთმანეთზე ნაკლები დამოკიდებულება აქვთ და ახალი სერვისებისა და ინტეგრაციების შექმნა უფრო სწრაფად შეუძლიათ.
რას ნიშნავს ეს ჯილდო თიბისის ტექნოლოგიური განვითარებისთვის და რა შესაძლებლობებს ქმნის განახლებული არქიტექტურა მომავალი ციფრული პროდუქტებისთვის?
ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა იმისა, რომ თიბისი რთულ ტექნოლოგიურ და ორგანიზაციულ გამოწვევებს თანამედროვე მიდგომებით უმკლავდება. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აღიარება მივიღეთ არა მხოლოდ ტექნოლოგიის დანერგვისთვის, არამედ იმისთვისაც, თუ როგორ შევცვალეთ მუშაობის მოდელი და გავაუმჯობესეთ ტექნოლოგიური გუნდების გამოცდილება ორგანიზაციის მასშტაბით.
განახლებული არქიტექტურა უფრო მოქნილ და მასშტაბირებად საფუძველს ქმნის მომავალი ციფრული პროდუქტებისთვის. როცა გუნდებს საჭირო API-ის სწრაფად პოვნა და გამოყენება შეუძლიათ, ახალი სერვისების შექმნაც ჩქარდება. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, სწრაფად ვუპასუხოთ მომხმარებლების საჭიროებებს და უფრო ეფექტურად დავნერგოთ ინოვაციები.
პროექტზე მუშაობა კვლავ გრძელდება. ვმუშაობთ დამატებით გაუმჯობესებებზე, რათა API-ების აღმოჩენა და საჭირო ინფორმაციის მოძიება კიდევ უფრო გამარტივდეს, პლატფორმა კი, მეტად თვითმომსახურებაზე დაფუძნებული და ეფექტური გახდეს.
რა იყო პროექტზე მუშაობის ყველაზე დიდი გამოწვევა და რა მნიშვნელობა ჰქონდა თქვენთვის სამიტზე მონაწილეობას?
ვატო ველიაშვილი (სისტემის ანალიტიკოსი/გუნდის კაპიტანი):
ყველაზე დიდი გამოწვევა გუნდების მობილიზება და მათთვის ცვლილებების საჭიროებისა და მნიშვნელობის ჩვენება იყო. მათი ჩართულობის გარეშე სასურველი შედეგის მიღწევა რთული იქნებოდა. ვფიქრობ, ეს გამოწვევა წარმატებით გადავლახეთ და დღეს გუნდები უფრო ნათლად ხედავენ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ცვლილებები.
ეს ჯილდო ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი აღიარებაა, დასტური იმისა, რომ API-ების მართვისა და დეველოპერული გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით სწორ გზაზე ვდგავართ და უკვე გვაქვს ხელშესახები შედეგები.
რა გამოცდილება მიიღო გუნდმა, რომელიც მომავალ ტექნოლოგიურ პროექტებშიც გამოგადგებათ?
მთავარი გამოცდილება ისაა, რომ წარმატებული ტექნოლოგიური ცვლილება მხოლოდ პლატფორმის დანერგვას არ გულისხმობს – არანაკლებ მნიშვნელოვანია პროცესების, სტანდარტებისა და გუნდების მუშაობის წესების განვითარება.
ასევე დავინახეთ, როგორ შეგვიძლია ავტომატიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით რთული და მასშტაბური ამოცანების გამარტივება, ხარისხის გაუმჯობესება და ისეთი შედეგების მიღწევა, რომლებიც მთელ ორგანიზაციაზე დადებითად აისახება.
თიბისის გამოცდილება აჩვენებს, რომ დეველოპერული გამოცდილების გაუმჯობესება მხოლოდ ტექნოლოგიური ხელსაწყოს შერჩევით არ სრულდება. შედეგის მისაღწევად საჭიროა ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც გუნდებს საჭირო რესურსებზე წვდომა, დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა და საერთო წესების დაცვით განვითარების საშუალება აქვთ.