ლიმიტ და სტოპ დავალებები თიბისის მობაილბანკში — მართე შენი ინვესტიციები ავტომატურადchevron-right-outlined
ლიმიტ და სტოპ დავალებები თიბისის მობაილბანკში — მართე შენი ინვესტიციები ავტომატურად
26 ოქტ. 2026
თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე ლიმიტ და სტოპ დავალებების გამოყენებით შეგიძლია, აქციები შენთვის სასურველ ფასად იყიდო ან გაყიდო — ბაზარზე მუდმივი დაკვირვების გარეშე.
ლიმიტ ორდერი — იყიდე ან გაყიდე შენთვის სასურველ ფასად!
ლიმიტ ორდერი გაძლევს საშუალებას, მიუთითო ფასი, რომელზეც გსურს აქციის შეძენა ან გაყიდვა. როცა ღირებულება ზუსტად შენ მიერ მითითებულ ნიშნულს მიაღწევს, ყიდვის ან გაყიდვის დავალება ავტომატურად შესრულდება მითითებული ან უკეთესი ფასით. ეს დაგეხმარება, აქციები შენთვის ხელსაყრელ ფასად შეიძინო ან გაყიდო ისე, რომ ბაზარზე მუდმივი დაკვირვება არ დაგჭირდეს.
მაგალითად, X კომპანიის აქცია ღირს $100; შენ გსურს, რომ აქციები იყიდო, თუ ფასი შემცირდება $90-მდე და გაყიდო $110-ზე. ბაზარზე ამ ფასების დაფიქსირების შემდეგ, ლიმიტ დავალების ფუნქციონალი იყიდის აქციას $90 დოლარად ან ნაკლებად და გაყიდის $110 დოლარად ან მეტად. შედეგად, ლიმიტ ორდერის ფუნქციონალის მეშვეობით ზუსტად შეგიძლია განსაზღვრო შენი საინვესტიციო მოგება/დანაკარგი.
ლიმიტ ორდერი:
ყიდვისას — მომხმარებლის მიერ მითითებული სამიზნე ფასი ($90) უნდა იყოს მიმდინარე ფასზე ($100) დაბალი. სხვა შემთხვევაში დავალება შესრულდება საბაზრო ფასით.
გაყიდვისას — მომხმარებლის მიერ მითითებული სამიზნე ფასი ($110) უნდა იყოს მიმდინარე ფასზე ($100) მაღალი. სხვა შემთხვევაში დავალება შესრულდება საბაზრო ფასით.
სტოპ ორდერი — დააზღვიე ინვესტიცია რისკებისგან!
სტოპ ორდერი გეხმარება, წინასწარ განსაზღვრო მინიმალური ფასი, რომელზეც აქციების გაყიდვა გინდა. როგორც კი ბაზარზე შენ მიერ მითითებული ფასი დაფიქსირდება, გაყიდვის დავალება ავტომატურად გააქტიურდება და ტრანზაქცია შესრულდება იმ მომენტისთვის არსებულ ფასად. ლიმიტ დავალებისგან განსხვავებით, სტოპ ორდერის საბოლოო ფასი შესაძლოა ზუსტად არ ემთხვეოდეს შენ მიერ მითითებულ ნიშნულს. სტოპ დავალება საშუალებას გაძლევს, შეამცირო რისკები და დაიცვა პორტფელი ბაზრის მკვეთრი მერყეობის პირობებში. შესაბამისად, როცა ფასი შენ მიერ მითითებულ ზღვრებს უახლოვდება, სტოპ დავალება მოქმედებას იწყებს, რათა ინვესტიცია არ შეგიმცირდეს იმაზე მეტად, ვიდრე განსაზღვრული გაქვს.
მაგალითად, X კომპანიის აქცია ღირს $100; სტოპ ორდერის მეშვეობით შენ აძლევ დავალებას, რომ როგორც კი ფასი $90-მდე ჩამოვა, აქცია გაიყიდოს, რადგან ამაზე მეტად შემცირება აღარ გიღირს. ბაზარზე $90-ის დაფიქსირების შემდეგ სტოპ დავალების ფუნქციონალი ავტომატურად გააქტიურდება და აქციას გაყიდის იმ მომენტისთვის არსებულ ფასად (მაგალითად, $88 ან $92). იგივე პრინციპით შეგიძლია სტოპ დავალება აქციის ავტომატური ყიდვისთვისაც გამოიყენო. სტოპ დავალება განსაკუთრებით სასარგებლოა ბაზრის მერყეობის პირობებში, როცა ფასები სწრაფად იცვლება, შენ კი ბაზარზე მუდმივი დაკვირვება აღარ გიწევს.