<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" data-beasties-media="all"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

რას ფიქრობენ ცნობილი ინვესტორები კრიპტოზე

31 ოქტ. 2026
BlogCover (1)

დღეს კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესი იზრდება არა მხოლოდ ინდივიდუალურ ინვესტორებში, არამედ მსხვილ კომპანიებსა და სახელმწიფოებშიც. მიუხედავად ამისა, უოლ-სტრიტის ცნობილ ინვესტორებს შორის ციფრული აქტივების მიმართ დამოკიდებულება კვლავ განსხვავებულია. გავლენიანი ადამიანების ნაწილი ბიტკოინსა და სხვა კრიპტოაქტივებს მხარს უჭერს, ზოგიერთი ბლოკჩეინის ტექნოლოგიას აფასებს, სხვები კი — კრიპტოში რისკებს ხედავენ.

თუ ბიზნესმენების, ინვესტორების და ანტრეპრენიორების ფილოსოფიას და უახლეს განცხადებებს გავაანალიზებთ, მათ განაწილებას სამ ჯგუფად შევძლებთ, ესენია: ურყევი სკეპტიკოსები, პრაგმატულად მოაზროვნეები და ინსტიტუციონალური ნოვატორები. ამ ბლოგში, სამივე კატეგორიის ინვესტორზე მოგიყვებით.

ჯგუფი #1: ურყევი სკეპტიკოსები

ამ ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი Berkshire Hathaway-ის თანადამფუძნებელი და ინვესტორი უორენ ბაფეტია. მისი საინვესტიციო მიდგომა მარტივ პრინციპს ეფუძნება: უპირატესობა მიანიჭოს აქტივებსა და ბიზნესებს, რომელთა ღირებულების შეფასება და გრძელვადიანი პოტენციალის განსაზღვრა შესაძლებელია. ბაფეტისთვის მისაღებია ინვესტირება ბიზნესში, სოფლის მეურნეობაში, უძრავ ქონებაში და სახელმწიფო ობლიგაციებში.

ბაფეტი კრიპტოვალუტების მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი. მას ბიტკოინისთვის „კვადრატში აყვანილი ვირთხის საწამლავი“ უწოდებია და უთქვამს, რომ მის შესაძენად საკუთარ ფულს არ დახარჯავდა. კრიპტოსთან დაკავშირებით მყარ პოზიციას ბაფეტი 2026 წელსაც ინარჩუნებს, რასაც, უმეტესწილად, ბაზრის სპეკულაციურობით ხსნის. ბაფეტი და სხვა სკეპტიკოსები მიიჩნევენ, რომ ადამიანები კრიპტოს ყიდულობენ მხოლოდ იმ იმედით, რომ მომავალში მას უფრო ძვირად მიჰყიდიან სხვას და არა იმიტომ, რომ აქტივი თავისთავად ღირებულია.

ჯგუფი #2: პრაგმატული მოაზროვნეები

მეორე კატეგორიაში ვხვდებით ინვესტორებს, რომლებიც ციფრული ფულის და ბლოკჩეინის პოტენციალს აფასებენ, მაგრამ ბაზრის მიმართ სიფრთხილეს ინარჩუნებენ და დღემდე ტრადიციული აქტივების უპირატესობის სჯერათ.

სწორედ ამ ჯგუფის წარმომადგენელია Bridgewater Associates-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ინვესტორი რეი დალიო. მიუხედავად იმისა, რომ დალიო ფულის გაციფრულებას გარდაუვალ პროცესად მიიჩნევს, 2026 წლის მარტში მან მკაფიოდ განაცხადა: „ბიტკოინი არასოდეს გახდება ოქრო“.

დალიოს შეფასებით, ბიტკოინს არ აქვს სრული კონფიდენციალურობა და ის ვერასდროს გახდება გლობალური სარეზერვო ვალუტა. მისივე თქმით, კრიზისის დროს, ბიტკოინის ფასი იკლებს, როცა ოქროსი იზრდება, ამიტომაც ის ჯერაც ტრადიციულ აქტივს ირჩევს.

ჯგუფი #3: ინსტიტუციონალური ნოვატორები

მესამე ჯგუფი კრიპტოინდუსტრიის მომავალს ყველაზე ოპტიმისტურად აფასებს. ამ მიმართულების ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელია $11-ტრილიონიანი საინვესტიციო გიგანტის, BlackRock-ის აღმასრულებელი დირექტორი ლარი ფინკი.

თუ წლების წინ ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტები კრიპტოს ემიჯნებოდნენ, 2026 წლისთვის BlackRock-ი ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე გახდა. ცოტა ხნის წინ, ფინკმა აქტივების ტოკენიზაცია 1990-იანი წლების ინტერნეტის გარიჟრაჟს შეადარა. მისი ხედვით, გლობალური ფინანსური სისტემა საერთო ბლოკჩეინზე გადავა, რაც რადიკალურად შეამცირებს ტრანზაქციის ხარჯებს, გაზრდის უსაფრთხოებას და საინვესტიციო პროცესს ისეთივე მარტივს გახდის, როგორიც მესიჯის გაგზავნაა.

როგორც ვხედავთ, უოლ-სტრიტის ვეტერანებსა და გლობალური კაპიტალის მმართველებს შორის კრიპტოზე ერთიანი კონსენსუსი არ არსებობს. თუმცა, ერთი რამ ცხადია: სკეპტიციზმის მიუხედავად, კრიპტო თანამედროვე ფინანსური სისტემის განუყოფელ ნაწილად იქცა. სანამ უორენ ბაფეტი საინვესტიციოდ ტრადიციულ ბიზნესებს ირჩევს, ხოლო რეი დალიო ოქროს ერთგული რჩება, BlackRock-ის მსგავსი გიგანტები ახალ ფინანსურ ეპოქას ქმნიან.

დაიწყე კრიპტოში ინვესტირება პირდაპირ თიბისის მობაილბანკში – სწრაფად და მარტივად

გაითვალისწინე, კრიპტოს ღირებულება ცვალებადია და დაკავშირებულია რისკებთან. კრიპტოს შეძენამდე, დეტალურად გაეცანი რისკებს, წესებს და პირობებს.

ამ გვერდზე მოცემული სასაქონლო ნიშანი/ლოგო გამოიყენება მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის, ეკუთვნის შესაბამის მფლობელს და არ გულისხმობს მათთან პარტნიორობას.

31 ოქტ. 2026