<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" data-beasties-media="all"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა
  • მთავარი chevron-right-outlined
  • ბლოგები chevron-right-outlined
  • სტაჟიორიდან უფროს კორპორატიულ ბანკირამდე - ნოდარ ასანიძის ისტორია თიბისიშიchevron-right-outlined

სტაჟიორიდან უფროს კორპორატიულ ბანკირამდე - ნოდარ ასანიძის ისტორია თიბისიში

13 ოქტ. 2026
1110x400 (5)

ნოდარ ასანიძემ თიბისიში კარიერა 2016 წელს, სტაჟიორის პოზიციიდან დაიწყო, დღეს კი ის უფროსი კორპორატიული ბანკირია. ამ გზაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება კერძო სექტორშიც მიიღო, სადაც ფინანსური ცოდნის გასაღრმავებლად დაახლოებით ორი წელი გაატარა. თიბისიში დაბრუნების შემდეგ ეს გამოცდილება კომპანიების საქმიანობის უკეთ გაგებასა და კორპორატიული მიმართულებით განვითარებაში დაეხმარა.

თიბისიში სტაჟირების პროგრამაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს — ახალი თაობა პირველი პროფესიული ნაბიჯების გადასადგმელად ემზადება. ნოდარს ვესაუბრეთ იმაზე, თუ როგორ იქცა მისთვის სტაჟირება კარიერული განვითარების დასაწყისად, რას გულისხმობს კორპორატიული ბანკირის ყოველდღიური საქმიანობა და რა შესაძლებლობები ელით ამ სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს.

— ნოდარ, შენი ისტორია თიბისიში 8 წელზე მეტს ითვლის და ის სტაჟიორის პოზიციიდან დაიწყო. როდის და რატომ დაინტერესდი საბანკო სფეროთი და რა იყო მთავარი მოტივაცია, რომ პირველი კარიერული ნაბიჯები სწორედ აქ გადაგედგა?

საბანკო სფეროთი კავკასიის უნივერსიტეტში სწავლისას დავინტერესდი, როდესაც ფინანსური საგნების აქტიურად შესწავლა დავიწყეთ. იმ პერიოდში ჩვენს სფეროში პროფესიული განვითარების ორ მიმართულება იყო პოპულარული — აუდიტი და საბანკო საქმე. აუდიტიც საინტერესო სფეროა და ჩემი ბევრი მეგობარი ამ მიმართულებით წარმატებით განვითარდა, თუმცა მე ბანკი ავირჩიე. ძალიან მომწონდა როგორც ფინანსები, ისე — ადამიანებთან ურთიერთობა, საბანკო საქმიანობაში კი ჩემი ეს ორი ინტერესი ერთიანდებოდა.

ამასთან, სტუდენტობისას შეიძლება ფიქრობდე, რომ იცი, რა გინდა, მაგრამ ჯერ კიდევ ძიების პროცესში იყო. ბანკი კი სხვადასხვა მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას გაძლევს: შეიძლება თავდაპირველად კორპორატიული საბანკო საქმე გაინტერესებდეს, შემდეგ კი აღმოაჩინო, რომ საინვესტიციო მიმართულება ან პროდუქტებზე მუშაობა უფრო გიზიდავს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ არჩევანის არსებობა და ერთი ორგანიზაციის ფარგლებში პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

— კარიერის ფორმირებაში გარემოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როგორი იყო შენი პირველი გუნდი და მენტორი? რა კონკრეტული შესაძლებლობები მოგცეს მათ განვითარებისთვის?

სტაჟირებისას ძალიან კარგ გუნდში მოვხვდი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ყოველთვის შემეძლო ნებისმიერი კითხვის დასმა და დახმარების მიღება.

როდესაც რაღაც არ იცი, შეგიძლია პასუხი დამოუკიდებლად ეძებო და ამას დიდი დრო დაუთმო, ან გამოცდილ კოლეგას მიმართო და საკითხში უფრო სწრაფად გაერკვე. ჩემთვის ასეთი მხარდაჭერა ძალიან ღირებული აღმოჩნდა და სწავლაში დამეხმარა.

იმ გუნდის ბევრი წევრი დღესაც თიბისიშია, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციებზე. მათთან საქმიანი ურთიერთობა ახლაც მაქვს და პირველი ერთობლივი სამუშაო გამოცდილება დღემდე კარგად მახსოვს.

— თიბისის სტაჟირების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი დამწყებების რეალურ საქმეში ჩართვაა. რას ნიშნავდა ეს შენთვის, როგორც სტაჟიორისთვის?

უნივერსიტეტიდან პირდაპირ დიდ ორგანიზაციაში მოვხვდი, რომელიც ბევრ მიმართულებას, პროექტსა და განსხვავებულ სამუშაო პროცესს მოიცავდა. თავიდანვე მქონდა შესაძლებლობა, მენტორებთან ერთად ჩავრთულიყავი აქტიურ სამუშაო პროცესში — იქნებოდა ეს ყოველდღიური ამოცანები, თუ დიდი პროექტები.

რა თქმა უნდა, მე მაშინ დამხმარის როლი მქონდა და ვსწავლობდი, მაგრამ უნივერსიტეტიდან დიდ კორპორატიულ კულტურაში მოხვედრა გადამწყვეტი აღმოჩნდა. ამან მოკლე დროში დიდი გამოცდილება მომცა.

დღესაც, როდესაც გუნდში სტაჟიორები მოგვყავს, ვცდილობთ, ისინი რეალურ პროცესებში ჩავრთოთ. მაგალითად, ახალბედები მუშაობის საწყის ეტაპზევე შეიძლება დაესწრონ კომიტეტის მიერ დაფინანსების საკითხის განხილვას. ასე ხედავენ, როგორ ხდება ფინანსური მონაცემების გაანალიზება, მათი განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. ეს მათ ეხმარება, უკეთ გაიგონ, როგორ მუშაობს ბანკი პრაქტიკაში.

— შენს პროფესიულ გზაზე საინტერესო დეტალია ის, რომ ორი წლით დატოვე ბანკი და შემდეგ ისევ უკან დაბრუნდი. თიბისის გარეთ გატარებულმა ორმა წელმა რა შეგძინა ისეთი, რაც დაბრუნების შემდეგ გამოგადგა?

ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ მინდოდა, ფინანსები უფრო ღრმად შემესწავლა. ბანკში კომპანიის ფინანსურ ინფორმაციას აანალიზებ, მე კი მაინტერესებდა, რა ხდებოდა მეორე მხარეს — თავად კერძო კომპანიებში, რომლებთანაც ვთანამშრომლობდით.

ამიტომ დაახლოებით ორი წელი კერძო სექტორში გავატარე. იქ მიღებული ცოდნა თიბისიში დაბრუნების შემდეგ ძალიან გამომადგა.

კორპორატიულ მიმართულებაში ანალიტიკოსად დავბრუნდი და იმ ეტაპზე უკვე ბევრად უკეთ მესმოდა, როგორ მუშაობდა კომპანიის ფინანსები. ვიცოდი, რა იდგა ციფრების უკან, და ეს ანალიზის დროს ჩემთვის მნიშვნელოვანი უპირატესობა იყო.

— დაბრუნების გადაწყვეტილების მიღებისას შენთვის რა აღმოჩნდა გადამწყვეტი?

ინტერესი კორპორატიული საბანკო მიმართულების მიმართ. ამ სფეროში მუშაობა მინდოდა, რადგან აქ, ფინანსური ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, შეგიძლია გაიგო, თუ როგორ ფუნქციონირებს ბიზნესი საქართველოში.

კომპანიის შეფასებისას ვსწავლობთ მის ფინანსურ მდგომარეობასა და ბიზნესპროცესებს; ვიაზრებთ, როგორ აქვს მას მოწყობილი ლოჯისტიკა, შესყიდვები, როგორ არის ორგანიზებული საქმიანობა. ეს კომპანიის ბევრად უკეთ გაცნობის შესაძლებლობას გვაძლევს.

ამასთან, აქ სხვადასხვა სექტორთან მუშაობის შესაძლებლობა გაქვს. შეიძლება ჩართული იყო სასტუმროს დაფინანსებაში, წარმოების, სოფლის მეურნეობის ან სხვა დარგის კომპანიის პროექტში. ეცნობი განსხვავებულ ბიზნესებს, მათ საჭიროებებსა და გადაწყვეტილებებს. სწორედ ასეთი მრავალმხრივი ცოდნის მიღების შესაძლებლობა იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი.

— სტაჟიორიდან უფროს კორპორატიულ ბანკირამდე საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო გზაა. შენი აზრით, რომელი პირადი ღირებულებები და თიბისიში არსებული რა გარემოებები დაგეხმარა ამ წარმატების მიღწევაში?

ბანკში დაბრუნების შემდეგ კორპორატიული მიმართულების ანალიტიკოსი გავხდი, შემდეგ — უფროსი ანალიტიკოსი, მოგვიანებით — ბანკირი, ახლა კი უფროსი კორპორატიული ბანკირი ვარ.

ამ გზაზე ჩემთვის და გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იყო, რომ ჩვენთვის არ არსებობდა პასუხი "არ გამოდის". ბევრი რთული ქეისი და დავალება გვქონია, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, გამოსავალი მეპოვა და საქმე ბოლომდე მიმეყვანა.

მეორე მნიშვნელოვანი თვისება პროაქტიულობაა. არ უნდა ელოდო, რომ საქმე თავისით გაკეთდება. ზომიერად "შემაწუხებელიც" უნდა იყო, დასვა კითხვები და პროცესი ბოლომდე მიიყვანო. ბიზნესს სწრაფი გადაწყვეტილებები სჭირდება, ამიტომ აუცილებელია პასუხისმგებლობის აღება და საქმის სწრაფად, ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა.

— თიბისი ქვეყანასა და რეგიონში წამყვანი კორპორატიული ბანკია. შენი, როგორც უფროსი ბანკირის გადმოსახედიდან, როგორია შიდა სამუშაო გარემო — რას ნიშნავს, მუშაობდე უმსხვილეს კლიენტებთან და მართავდე საერთაშორისო დონის პროექტებს?

პირველ რიგში, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ვმუშაობთ მსხვილ ბიზნესებთან, რომლებსაც ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. საჭიროა, კარგად გვესმოდეს მათი საქმიანობა და საჭიროებები, რათა დროულად შევძლოთ დახმარება. ამისთვის ფინანსური ცოდნის გარდა თავად ბიზნესის ცოდნაც აუცილებელია.

სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილია ბანკის სხვადასხვა გუნდთან კოორდინაციაც. შესაძლოა, მომხმარებელს რამდენიმე განსხვავებული პროდუქტი სჭირდებოდეს და შესაბამისად არაერთ დეპარტამენტთან ერთად გიწევდეს მუშაობა.

ამ პროცესში ბევრ რამეს სწავლობ თავად ბანკის საქმიანობის შესახებ და ავითარებ ადამიანებთან ურთიერთობის უნარს — როგორ იმუშაო განსხვავებულ გუნდებთან, როგორ შეათანხმო საკითხები და ერთობლივად მიაღწიო შედეგს. უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას სწორედ ასეთი გამოცდილება გასწავლის.

— სტუდენტს, რომელიც ახლა ეცნობა ამ სფეროს, როგორ აუხსნიდი, რას აკეთებს კორპორატიული ბანკირი ყოველდღიურად?

გასაუბრებებზე აპლიკანტებს ყოველთვის ვეუბნები, რომ კორპორატიულ ბანკინგში მუშაობის დაახლოებით 40%-50% ფინანსებია, ხოლო დანარჩენი — პროცესების მართვა. ეს მოიცავს კლიენტებთან აქტიურ კომუნიკაციას, იურისტებთან მუშაობას, ხელშეკრულებების შეთანხმებას და ა. შ. ეს მიმართულება გაძლევს შანსს, განვითარდე როგორც ფინანსებში, ისე არაფინანსურ საკითხებშიც — გაიგო, როგორ მუშაობს ბანკი და ბიზნესი.

— დამწყებისთვის რომელი თვისებებია ყველაზე მნიშვნელოვანი, ხოლო რომელი უნარების განვითარება შეუძლია უშუალოდ მუშაობის პროცესში?

პირველ რიგში, კითხვების დასმის მზაობას გამოვყოფდი. თუ რაღაც არ იცი ან გაინტერესებს, მნიშვნელოვანია, იკითხო. მეც, მიუხედავად გამოცდილებისა, ხშირად მივმართავ კითხვით ხელმძღვანელსა თუ გუნდის წევრებს, რადგან მირჩევნია, კონკრეტულ საკითხში დროულად გავერკვე.

ასევე საჭიროა აქტიურობა და მიზანდასახულობა — როდესაც საქმეს იწყებ, უნდა ეცადო, ბოლომდე მიიყვანო, დაასრულო და შედეგი მიიღო.

რაც შეეხება მუშაობის პროცესში განვითარებულ უნარებს, განსაკუთრებით ადამიანებთან ურთიერთობას გამოვყოფდი. აქ თანამშრომლობ მომხმარებლებთან, კომპანიების მენეჯმენტთან და ბანკის სხვადასხვა რგოლთან. თანდათან უკეთ ხვდები, როგორ უნდა ისაუბრო კონკრეტულ საკითხზე, ვის მიმართო, როდის მოითხოვო საჭირო ინფორმაცია და როგორ მიაღწიო სასურველ შედეგს. ყოველდღიური სამუშაო ამ გამოცდილების მიღების ბევრ შესაძლებლობას გაძლევს.

— ამჟამად თიბისიში სტაჟირების პროგრამაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს. როგორც ადამიანი, რომელმაც ზუსტად ეს გზა გაიარა, რას ურჩევდი სტუდენტებსა და ახალგაზრდებს — რატომ უნდა დაიწყონ კარიერა თიბისიში, განსაკუთრებით კი კორპორატიული მიმართულებით?

კორპორატიული საბანკო მიმართულება საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც იზიდავს ფინანსები, ბიზნესი, ანალიტიკა და ადამიანებთან ურთიერთობა. აქ შეგიძლია, გაიცნო სხვადასხვა ინდუსტრია და კომპანია, შეისწავლო მათი პროცესები და უკეთ გაიგო, როგორ მუშაობს ეკონომიკა. ეს ფართო ცოდნასა და განვითარების შესაძლებლობას გაძლევს.

თიბისისა და ზოგადად ბანკის ერთ-ერთი უპირატესობა ჩემთვის მიმართულებების მრავალფეროვნებაა. შეიძლება უნივერსიტეტის დასრულებისას ფიქრობდე, რომ ანალიტიკა და ფინანსები გაინტერესებს, შემდეგ კი აღმოაჩინო, რომ პროდუქტზე ან საინვესტიციო პროექტებზე მუშაობა უფრო მოგწონს. თიბისიში გაქვს შესაძლებლობა, სხვა მიმართულებებსაც გაეცნო და პროფესიული გზა საკუთარი ინტერესების შესაბამისად გააგრძელო.

სტაჟირება სწორედ იმის საშუალებას გაძლევს, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში გამოცადო, უკეთ გაიგო, რა მოგწონს და სად ხედავ საკუთარ თავს.   

თიბისის სტაჟირების პროგრამაზე მიღება ღიაა 14 ოქტომბრის ჩათვლით - დარეგისტრირდი.

13 ოქტ. 2026