globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

პლატფორმა მოვლენისთვის

koka ramishvili main

კოკა რამიშვილი 07.08 - 13.07.2024

ინსტალაცია : კოკა რამიშვილი

მუსიკა: ნიკა მაჩაიძე

თიბისი კონცეპტმა და რია ქებურიას ფონდმა წარმოგიდგინათ კოკა რამიშვილის გამოფენა „პლატფორმა მოვლენისთვის”. კოკა რამიშვილი უახლესი ქართული მხატვრობის ისტორიის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. მისი შემოქმედება პოსტ-საბჭოთა პერიოდის ურთულესი ძვრების ფონზე განვითარდა და თავიდანვე გამოირჩეოდა რეფლექსიურობით, რთული კონტექსტის შესატყვისი ფორმებისა და მათი შესაბამისი მედიუმების ზუსტი შერჩევით. ის მკვლევარი მხატვარია და ყოველთვის ორიგინალურ კავშირებს პოულობს კონკრეტულ პრობლემასა და აბსტრაჰირებულ მსჯელობას შორის. ხელოვანი ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ჟენევაში. მისი ნამუშევრები კი ინახება სხვადასხვა ქვეყნების კერძო და სამუზეუმო კოლექციებში, რომელთა შორის არის ვენეციის 53-ე ბიენალეზე ქართულ პავილიონში წარდგენილი პროექტის ერთ-ერთი ვიდეო აუდიო ინსტალაცია შავი ზღვა. კოკა რამიშვილს მრავალ პროექტში უთანამშრომლია კომპოზიტორ ნიკა მაჩაიძესთან, რომელმაც ასევე შექმნა ხმოვანი ნაწილი კოკა რამიშვილის ახალი ნამუშევრისთვის – პლატფორმა მოვლენისთვის. მულტიმედიური ინსტალაცია, სადაც უხილავი ბმები აერთიანებდა ინტერიერსა და ექსტერიერს, გეომეტრიულ ფორმებს (წრიულსა და კვადრატულ დარბაზებს) და პეიზაჟის უსასრულობას, ზაფხულის კლიმატურ მოტივსა და ყოველდღიურობის ხმებს. ცარიელი ზედაპირის მიღმა ნელ-ნელა იბადება გამოსახულება განსხვავებულ განზომილებებსა და შეგრძნებებში, ნოსტალგიებსა და ალუზიებში. მისი სტრუქტურა სივრცის, სინათლის, ფერის, ხმისა და დროის კავშირებით იგება. ნამუშევარი თვითონ ატარებს მისი შექმნის ისტორიას, ჰყვება საკუთარი თავის შესახებ, გადმოსცემს მსუბუქი მელანქოლიის დრამატურგიას. რაც გამოუთქმელია და ვერასდროს გადაიქცევა მყარ ფორმად, – იბადება მხოლოდ წამიერ შეგრძნებებში, ახალგაზრდის ურთიერთობაში სამყაროსთან, მასთან ერთიანობის თავისთავად განცდაში; კოკა რამიშვილის შემოქმედება მრავალ თემას ეხება, თუმცა, მთლიანობაში შინაგანი ლანდშაფტის იდეის გააზრებას წარმოადგენს, რომელიც მოიცავს როგორც მედიტაციურ, განყენებულ ვიზუალიზაციას, ისე კონკრეტულსა და დოკუმენტურ მასალას. ტექსტის ავტორი: ხათუნა ხაბულიანი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და კურატორი