globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

მარჯანიშვილის უბანი - არქიტექტურის პოლიტიკისა და იდენტობის ურთიერთკავშირები

Marjanishvili District main

15.10 - 05.12.2020

პროექტი - „მარჯანიშვილის უბანი” თბილისის არქიტექტურის მე-2 ბიენალესთვის შეიქმნა და არქივების სახით ამ უბნის ისტორიებს აერთიანებდა. მათ შორისაა: 1980-1990-იან წლებში უბნის რეკონსტრუქციის არქიტექტურული არქივი; 2000-იანი წლების თიბისის სათაო ოფისის შენობის სარესტავრაციო მასალები; ასევე, ლიტერატურის მუზეუმში დაცული გალაკტიონის დღიურების ჩანაწერები, რომლებსაც თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცეში ფართო საზოგადოებამ ორიგინალის სახით იხილა. აღსანიშნავია, რომ გალაკტიონ ტაბიძე ერთ დროს, სწორედ მარჯანიშვილის (ყოფილი ჟორესის) ქუჩაზე, №4 სახლში, მეორე სართულზე ცხოვრობდა.

პროექტის ფარგლებში თემატურ ჯგუფებადა იყო გამოფენილი: ორსაუკუნოვანი ურბანული პროცესების შედეგად ჩამოყალიბებული თიბისის შენობა, მარჯანიშვილის თეატრი, „წიგნის პალატა”, ე.წ. „მწვანე შენობა”, ასევე 1980-იან წლებში მარჯანიშვილის ქუჩის რეკონსტრუქციის პროექტი, როგორც საბჭოთა მოდერნიზმის „იდეალისტური პროექტების” ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ჩანაფიქრის მიხედვით ვერ განხორციელდა.

გამოფენის კურატორი იყო ხელოვანი და სცენოგრაფი - ირინა ქურთიშვილი, რომელიც გერმანიასა და საქართველოში მოღვაწეობს. მისი ავტორობით არაერთი მულტიდისციპლინარული გამოფენა განხორციელდა თბილისში, ფრანკფურტში, ბერლინსა და ვენაში.

თბილისის მე-2 არქიტექტურული ბიენალე, სახელწოდებით - “რა გვაქვს საერთო?”, 17 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა. ბიენალეს თემატიკა მიმდინარე პანდემიასა და ახალ რეალობას უკავშირდებოდა - რამდენი რამ გვაქვს საერთო და როგორ გააერთიანა მთელი სამყარო ერთმა კონკრეტულმა პრობლემამ. თბილისში არსებულ ურბანულ და არიტექტურულ პრობლემებზე პროფესიონალები, საერთოობის იდეის გარშემო, ციფრულ ფორმატში იმსჯელეს.

გამოფენის პარალელურად, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში, ჩატარდა ტურები.

გამოფენის პარტნიორები იყვნენ:

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

საქართველოს ეროვნული არქივი.

ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო.

SOVLAB.