თიბისი IT აკადემია საინფორმაციო ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს ახალი პროფესიის დაუფლების და ტექნოლოგიურ სექტორში დასაქმების შესაძლებლობას სთავაზობს. პროგრამა სრულად ფინანსდება თიბისი ბანკის მიერ და მონაწილეებისთვის არის სრულიად უფასო.
პროფესიული განათლების მხარდაჭერისა და ტექნოლოგიურ სფეროში პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობის მიზნით 2019 წელს თიბისიმ IT აკადემია შექმნა. დაარსების დღიდან იგი წარმატებით ემსახურება ქვეყნის IT ეკოსისტემის განვითარებას და გაძლიერებას.
თიბისი IT აკადემიის მთავარი მიზანია ტექნოლოგიით გატაცებულ ადამიანებს დაეხმაროს გახდნენ ინდუსტრიის ყველაზე მოთხოვნადი სპეციალისტები. კურსების, პრაქტიკული ლექციებისა და მენტორშიპის კომბინაციით მონაწილეები იძენენ უნარებს, რომლებიც აუცილებელია ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში წარმატებისთვის. ისინი მუშაობენ რეალურ პროექტებზე წამყვან საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად.
2019 წლიდან დღემდე IT მიმართულებით მომზადებისა და გადამზადების პროგრამა ჯამურად 5,000-მდე ადამიანმა გაიარა. მათგან 500-მდე წარმატებული კურსდამთავრებული კი თიბისისა და მის შვილობილ კომპანიებში დასაქმდა.
თიბისი IT აკადემიის ტრენინგ-პროგრამები ტარდება ონლაინ, ქართულ ენაზე, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობას 18 წელს მიღწეული ყველა პირისთვის. ონლაინ ფორმატი ასევე აძლევს მონაწილეებს შესაძლებლობას ჩაერთონ რეგიონებიდან, რაც ხელს უწყობს რეგიონებში სფეროს განვითარებას, ტექნოლოგიების როლის ზრდასა და უმუშევრობის დონის შემცირებას.